გერმანიის საერთაშორისო საზოგადოებრივმა მაუწყებელმა „დოიჩე ველემ“ (DW) Instagram-ზე ქართულენოვანი საინფორმაციო სამსახური გახსნა.

მაუწყებლის ინფორმაციით, ახალი პლატფორმის საშუალებით მომხმარებლები მიიღებენ ინფორმაციას საქართველოდან, ევროპისა და მსოფლიოს სხვადასხვა რეგიონიდან, ასევე გაეცნობიან აქტუალურ თემებს.

„კეთილი იყოს თქვენი მობრძანება „დოიჩე ველეს“ (DW) ქართული პროგრამის გვერდზე. ჩვენთან გაეცნობით მრავალფეროვან ამბებს საქართველოდან, ევროპასა და მსოფლიოს სხვადასხვა კუთხიდან. ასევე მიიღებთ სანდო, ობიექტურ და დროულ ინფორმაციას აქტუალური თემების შესახებ“, – აღნიშნულია მაუწყებლის განცხადებაში.

DW-ის ცნობით, ქართულენოვანი საინფორმაციო სამსახურის გაფართოება მომავალში სხვა პლატფორმებზეც იგეგმება.

აღნიშნული ინიციატივა „ევროპული საინფორმაციო ფარის ინიციატივის“ (European Information Shield Initiative) ნაწილია, რომელსაც DW და FMM ხელმძღვანელობენ. პროექტი ევროკავშირის მხარდაჭერით ხორციელდება და მიზნად ისახავს სტრატეგიულად მნიშვნელოვან რეგიონებში დამოუკიდებელი ჟურნალისტიკის გაძლიერებასა და დეზინფორმაციასთან ბრძოლას.

პროექტი თავდაპირველად 18-თვიანი ვადით ფინანსდება.