უკრაინის პრეზიდენტი ვოლოდიმირ ზელენსკი ეროვნული უშიშროებისა და თავდაცვის საბჭოს მდივნის, რუსტემ უმეროვის, საგარეო დაზვერვის სამსახურის უფროსად დანიშვნას გეგმავს. ინფორმაციას უკრაინული მედია ავრცელებს.

მედიის ცნობით, ცოტა ხნის წინ მინისტრთა კაბინეტში განხორციელებული საკადრო ცვლილებების შემდეგ, ზელენსკიმ ეროვნული უშიშროებისა და თავდაცვის საბჭოს მდივნის თანამდებობა იგორ კლიმენკოს შესთავაზა, რომელიც რამდენიმე წლის განმავლობაში უკრაინის შინაგან საქმეთა მინისტრი იყო.

რუსტემ უმეროვი მანამდე უკრაინის თავდაცვის მინისტრის თანამდებობას იკავებდა. ეროვნული უშიშროებისა და თავდაცვის საბჭოს მდივნის პოზიციაზე ყოფნისას ის აქტიურად მონაწილეობდა რუსეთს, შეერთებულ შტატებსა და უკრაინას შორის მიმდინარე მოლაპარაკებებში.

უკრაინის პრეზიდენტმა 2 იანვარს საგარეო დაზვერვის სამსახურის უფროსის თანამდებობიდან ოლეგ ივაშჩენკო გაათავისუფლა და უკრაინის თავდაცვის სამინისტროს მთავარი სადაზვერვო სამმართველოს ხელმძღვანელად დანიშნა.