შინაგან საქმეთა სამინისტროს თბილისის პოლიციის დეპარტამენტის ძველი თბილისის მთავარი სამმართველოს თანამშრომლებმა, ჯგუფურად, ძალადობით ჩადენილი ძარცვის ბრალდებით, ორი პირი დააკავეს. ინფორმაციას შინაგან საქმეთა სამინისტრო ავრცელებს.

უწყების ცნობით, ბრალდებულებმა თბილისში, ერთ-ერთ ქუჩაზე, უცხო ქვეყნის მოქალაქეს ფიზიკური შეურაცხყოფა მიაყენეს, მობილური ტელეფონები და ფული გასტაცეს, რის შემდეგაც შემთხვევის ადგილიდან მიიმალნენ.

შსს-ის ინფორმაციით, სამართალდამცველებმა ჩატარებული ოპერატიული ღონისძიებებისა და საგამოძიებო მოქმედებების შედეგად, ბრალდებულები ცხელ კვალზე დააკავეს.

უწყების ცნობით, ფაქტთან დაკავშირებით აქტიური საგამოძიებო მოქმედებები გრძელდება.

გამოძიება საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 178-ე მუხლით მიმდინარეობს, რაც 8 წლამდე ვადით თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს.