აშშ-ის პრეზიდენტის, დონალდ ტრამპის განცხადებით, ირანთან მოლაპარაკებები ორშაბათს განახლდება. ინფორმაციას CNN ავრცელებს.
ტრამპის თქმით, ირანმა იცოდა, რამდენად ფართომასშტაბიანი იქნებოდა დაგეგმილი თავდასხმა, რადგან მისი მომზადების პროცესს აკვირდებოდა. მისი განცხადებით, მხარეებს შორის მოლაპარაკებები ორშაბათს, დღის მეორე ნახევარში დაიწყება.
„მათ იცოდნენ, რამდენად ფართომასშტაბიანი იქნებოდა ეს თავდასხმა, რადგან ხედავდნენ, როგორ მზადდებოდა იგი. ახლა ჩვენ მათ მოლაპარაკებების ფორმატში ვესაუბრებით. ეს ხვალ, დღის მეორე ნახევარში დაიწყება და ვნახოთ, რა შედეგს მოგვიტანს,“ – განაცხადა ტრამპმა.
აშშ-ის პრეზიდენტის განცხადებით, დაგეგმილი თავდასხმის გაუქმებისკენ მას საუდის არაბეთმა, არაბთა გაერთიანებულმა საამიროებმა, კატარმა და თავად ირანმაც მოუწოდეს.
ტრამპის თქმით, მოკავშირეები მიიჩნევენ, რომ არსებობს შესაძლებლობა, მიღწეული იყოს შეთანხმება როგორც ჰორმუზის სრუტესთან დაკავშირებულ საკითხებზე, ისე ირანის ბირთვულ პროგრამაზე.
„ყველაფერი მზად გვქონდა, მაგრამ როდესაც მოკავშირეებმა გვთხოვეს, თავდასხმა გაგვეუქმებინა, ვიფიქრეთ: „კარგი, ვნახოთ.“ მათი თხოვნის მიზეზი ის არის, რომ ფიქრობენ, რომ შეთანხმება არსებობს. არსებობს შეთანხმება ჰორმუზთან დაკავშირებით, შემდეგ კი იქნება შეთანხმება ბირთვულ საკითხზეც, ან შეგიძლიათ მას ირანის დენუკლეარიზაცია უწოდოთ. მე ამას ირანის დენუკლეარიზაციას ვუწოდებ,“ – განაცხადა ტრამპმა.