ირანის საგარეო საქმეთა სამინისტროს პრესსპიკერის, ესმაილ ბაღაის განცხადებით, თეირანი ამჟამად აშშ-სთან მოლაპარაკებებს არ აწარმოებს. ინფორმაციას Al Jazeera ავრცელებს.

ბაღაის თქმით, ირანი ომანთან მოლაპარაკებებს ჰორმუზის სრუტეზე უსაფრთხო, დროებითი მარშრუტის უზრუნველყოფის მიზნით მართავს.

მისი განცხადებით, ომანთან შეთანხმების მიღწევა ჰორმუზის სრუტის ხელახლა გახსნისთვის აუცილებელი, თუმცა არასაკმარისი პირობაა. მისი თქმით, ამისთვის ასევე საჭიროა აშშ-ისა და ისრაელის „სამხედრო აგრესიის“ დასრულება.

„ჰორმუზის სრუტე არ არის დაკეტილი ირანსა და ომანს შორის აზრთა სხვადასხვაობის გამო. ჰორმუზის სრუტე პრობლემების წინაშე დგას აშშ-ისა და სიონისტური რეჟიმის სამხედრო აგრესიის გამო“, – განაცხადა ირანის საგარეო საქმეთა სამინისტროს პრესსპიკერმა.