„ძლიერი საქართველო – ლელოს“ ერთ-ერთი ლიდერის, ლევან სამუშიას განცხადებით, შოვში მომხდარი ტრაგედიიდან სამი წელი გავიდა, თუმცა მომხდარზე ობიექტური შეფასება ამ დრომდე არ არსებობს. მისი თქმით, არ არის გამორიცხული, რომ საქმეზე გამოძიება განზრახ არასწორი მიმართულებით წარიმართა.
სამუშიას განცხადებით, „ლელო – ძლიერი საქართველო“ თავიდანვე მოითხოვდა სავარაუდო სამოხელეო დანაშაულის ნიშნებზე გამოძიების დაწყებას.
„შოვის უმძიმესი ტრაგედიიდან სამი წელი გავიდა, ხოლო პასუხები კითხვებზე, თუ რა მოხდა, ობიექტური შეფასება ჯერჯერობით არ არსებობს. „ლელო – ძლიერი საქართველო“ იმთავითვე ითხოვდა გამოძიების დაწყებას სავარაუდო სამოხელეო დანაშაულებთან დაკავშირებით. მოქალაქეებს ემახსოვრებათ, რომ „ქართული ოცნების“ თანამდებობის პირები მეორე დღიდან აცხადებდნენ, თითქოს შემთხვევისას სამოხელეო დანაშაულს ადგილი არ ჰქონია და ექსპერტების მსგავსად აკეთებდნენ შეფასებებს, რაც, სავარაუდოდ, გამოძიების მიმართულებაზე მიუთითებდა. საბოლოოდ, გამოძიება დაიწყო არა სავარაუდო სამოხელეო დანაშაულის, არამედ უსაფრთხოების წესების დარღვევის მუხლით. სავარაუდოა, რომ გამოძიება განზრახ არასწორ კალაპოტში წარიმართა“, – განაცხადა ლევან სამუშიამ.
შოვის ტრაგედიიდან სამი წელი გავიდა. 2023 წლის 3 აგვისტოს რაჭაში ჩამოწოლილ მეწყერს 33 ადამიანი ემსხვერპლა. ერთი არასრულწლოვნის ცხედარი ამ დრომდე ვერ არის ნაპოვნი.