„ერთიანი ნაციონალური მოძრაობის“ პოლიტიკური მდივნის, გიორგი ბარამიძის განცხადებით, პარტიის 5 აგვისტოს ყრილობაზე მნიშვნელოვანი რეფორმების შესახებ გადაწყვეტილებები იქნება მიღებული. მისი თქმით, შესაძლოა, პარტიის მოქმედ თავმჯდომარეს, თინა ბოკუჩავას, გარკვეული წყენა ჰქონდეს, რადგან ახალი მოდელის მიხედვით პარტიის მართვის სისტემა შეიცვლება.
ბარამიძის განცხადებით, ახალი წესით პარტიას აღარ ეყოლება თავმჯდომარე და გენერალური მდივანი იმ ფორმით, როგორც აქამდე იყო, მათ ფუნქციებს კი მმართველობითი საბჭო შეასრულებს.
„შეიძლება გარკვეული წყენა ჰქონდეს თინას, იმიტომ, რომ ყრილობაზე ჩვენ აღარც თავმჯდომარეს ავირჩევთ ისეთი ფორმით, როგორც ახლა არის და აღარც გენერალურ მდივანს. გვინდა იყოს ერთგვარი მმართველობითი საბჭო, რომელიც შეასრულებს ამ ფუნქციებს“, – განაცხადა ბარამიძემ.
მისი თქმით, დაგეგმილი ცვლილებები პარტიის უფრო დემოკრატიულ, გამჭვირვალე და სახალხო ორგანიზაციად ჩამოყალიბებას ისახავს მიზნად.
ბარამიძის განცხადებით, ერთ-ერთი მთავარი სიახლე პარტიის წევრობის ახალი სისტემა იქნება, რომლის მიხედვითაც წევრები საწევროს გადაიხდიან და პარტიის ფინანსურ დამოუკიდებლობაში მიიღებენ მონაწილეობას.
მისივე თქმით, „ნაციონალურ მოძრაობას“ ექნება დაცული აპლიკაცია, რომლის საშუალებითაც პარტიის წევრებს შესაძლებლობა ექნებათ, მონაწილეობა მიიღონ მნიშვნელოვანი გადაწყვეტილებების მიღების პროცესში, მათ შორის ისეთ საკითხებზე, როგორიცაა პარლამენტში შესვლა ან არშესვლა.
გიორგი ბარამიძემ ასევე კომენტარი გააკეთა თინა ბოკუჩავას განცხადებაზე, რომლის მიხედვითაც, გასულ კვირას ჩატარებული პოლიტსაბჭოს სხდომა უფლებამოსილი არ იყო.
ბარამიძის განცხადებით, სხდომა ლეგიტიმურად ჩატარდა და საჭირო კვორუმიც არსებობდა.
„ძალიან გამიკვირდა თინას ეს განცხადება, იმიტომ, რომ ამ სხდომაზე არალეგიტიმური არაფერი იყო. რომ არ ყოფილიყო კვორუმი, სხდომა არც ჩატარდებოდა. ოქმს მიიღებს თითოეული წევრი და ყველას ექნება შესაძლებლობა, ნახოს, ვინ ესწრებოდა სხდომას“, – განაცხადა ბარამიძემ.
მისი თქმით, ბოკუჩავას შეეძლო სხდომაზე დასწრება, რადგან სხვადასხვა რეგიონიდან პოლიტსაბჭოს წევრები ჩამოვიდნენ. ბარამიძემ აღნიშნა, რომ რატომ გააკეთა ბოკუჩავამ აღნიშნული განცხადება, ამის მიზეზი მისთვის უცნობია.