საბერძნეთში ტყის ხანძრის ჩაქრობის ოპერაციის დროს ორი ვერტმფრენის შეჯახების შედეგად ერთ-ერთი ეკიპაჟის ორი წევრი დაიღუპა. ინფორმაციას BBC ავრცელებს.
გამოცემის ცნობით, ავიაკატასტროფას ემსხვერპლნენ დანიელი პილოტი და საბერძნეთის სახანძრო სამსახურის ბერძენი ოფიცერი. მეორე ვერტმფრენში მყოფი ბრიტანელი პილოტი და ბერძენი კოორდინატორი გადარჩნენ.
შემთხვევა ათენიდან დაახლოებით 65 კილომეტრის დაშორებით მოხდა. გავრცელებულ ვიდეოკადრებში ჩანს, როგორ ეჯახება Bell-ის ტიპის ერთ-ერთი ვერტმფრენი მეორე ვერტმფრენის როტორს. შეჯახების შემდეგ ერთ-ერთ ვერტმფრენს ცეცხლი ეკიდება, ის ხევში ვარდება, ხოლო მეორე ვერტმფრენი ავარიულ დაშვებას ახერხებს.
საბერძნეთის სახანძრო სამსახურის ინფორმაციით, ავსტრალიური კომპანია McDermott Aviation-ისგან იჯარით აღებული Bell-ის ტიპის ორი ვერტმფრენი ერთმანეთს ატიკა-ბეოტიის საზღვარზე გაჩენილი მასშტაბური ტყის ხანძრის ჩაქრობის ოპერაციის დროს შეეჯახა.
ავიაკატასტროფასთან დაკავშირებით მწუხარება გამოთქვა საბერძნეთის პრემიერ-მინისტრმა, კირიაკოს მიცოტაკისმა.