„ძლიერი საქართველო – ლელოს“ ერთ-ერთი ლიდერის, მსჯავრდებული ალეკო ელისაშვილის ადვოკატებმა თბილისის საქალაქო სასამართლოს მიერ გამოტანილი გამამტყუნებელი განაჩენი თბილისის სააპელაციო სასამართლოში გაასაჩივრეს.

ადვოკატ არჩილ ჩოფიკაშვილის განცხადებით, ელისაშვილი პოლიტიკური შეხედულებების გამო იდევნება.

მისი თქმით, დაცვის მხარე იმედოვნებს, რომ როგორც სააპელაციო, ისე ზემდგომი ინსტანციის სასამართლო პირველი ინსტანციის გადაწყვეტილებას გააუქმებს.

„შეუძლებელია, ორი ბოთლი ბენზინით იმ მასშტაბის შედეგის გამოწვევა, რის გამოც ოპოზიციონერ პოლიტიკოს ალექსანდრე ელისაშვილს 13 წლით თავისუფლების აღკვეთა მიესაჯა. ეს საქმე, ჩვენი შეფასებით, ადასტურებს, რომ იგი პოლიტიკური შეხედულებების გამო იდევნება და პირადი შურისძიების მსხვერპლია“, – განაცხადა ჩოფიკაშვილმა.

დღესვე, თბილისის საქალაქო სასამართლოში, 13:00 საათზე, ალეკო ელისაშვილის კიდევ ერთ საქმეზე სასამართლო სხდომა გაიმართება. საქმე ეხება პოლიციელ შოთა ჭიპაშვილის მიმართ ელისაშვილის მიერ გამოყენებულ სიტყვას  „არაკაცი“, რომელიც ბრალდების მხარემ სასამართლოს უპატივცემლობად შეაფასა.

ადვოკატის განცხადებით, ახალი ბრალდება წინააღმდეგობაში მოდის უკვე მიმდინარე სისხლის სამართლის საქმესთან.

„თუ პირი გასამართლებულია იმ ბრალდებით, რომ სასამართლოს შენობის განადგურება სურდა, გაუგებარია, რატომ ედება მას დამატებით ბრალი იმავე სასამართლოს უპატივცემლობისთვის. ეს კიდევ ერთხელ მიუთითებს, რომ ალექსანდრე ელისაშვილის წინააღმდეგ წარმოებულ საქმეებს, ჩვენი შეფასებით, სამართლებრივი საფუძველი არ გააჩნია და მისი პოლიტიკური საქმიანობის შეზღუდვას ემსახურება“, – განაცხადა ჩოფიკაშვილმა.

ცნობისთვის, ალეკო ელისაშვილის წინააღმდეგ ამჟამად სისხლის სამართლის ოთხი საქმეა წარმოებული. ერთ საქმეზე, რომელიც ტერორისტული აქტის მცდელობას ეხება, იგი მსჯავრდებულია და 13 წლით თავისუფლების აღკვეთა აქვს მისჯილი. გარდა ამისა, მას ბრალი წარდგენილი აქვს სასამართლოს არქივის შენობაში ხანძრის გაჩენასთან დაკავშირებულ ტერორისტულ აქტში, სასამართლოს უპატივცემლობის ფაქტზე და პარტია „ქართული ოცნება – დემოკრატიული საქართველოს“ ერთ-ერთი დამფუძნებლის, ალი ბაბაევის პოლიტიკური ნიშნით დევნის საქმეზეც.