რუსეთის თავდასხმებს ზაფხულის არდადეგები არ აქვს, ამიტომ უკრაინის მხარდაჭერა და აგრესორზე ზეწოლა არ უნდა შეჩერდეს, – ამის შესახებ უკრაინის საგარეო საქმეთა მინისტრი ანდრეი სიბიგა სოციალურ ქსელ X-ში წერს.

მისი ინფორმაციით, ღამით რუსეთმა კიევსა და მიმდებარე რეგიონს ორ ათეულზე მეტი ბალისტიკური რაკეტით შეუტია, რის შედეგადაც სულ მცირე 17 ადამიანი დაიღუპა, ხოლო 40-ზე მეტი დაშავდა.

სიბიგას განცხადებით, ყველა ჩამჭრელი თავდაცვითი საშუალება მნიშვნელოვანია, რადგან ისინი ადამიანების სიცოცხლეს იცავენ. უკრაინის საგარეო საქმეთა მინისტრი პარტნიორებს მოუწოდებს, დააჩქარონ შესაბამისი გადაწყვეტილებების მიღება.

„უნდა შეიზღუდოს რუსეთის შესაძლებლობა, აწარმოოს ბალისტიკური ტერორის საშუალებები. დამატებითი მკაცრი სანქციები კრიტიკულად მნიშვნელოვანია და მათი დაწესება გადაუდებელი აუცილებლობაა“, – წერს სიბიგა.

მისივე თქმით, დაუშვებელია „მორალური ტოლობის“ გავლება აგრესორსა და სახელმწიფოს შორის, რომელიც თავს იცავს.

„რუსეთის თავდასხმების გამართლება არანაირ გარემოებაში არ შეიძლება, მათ შორის უკრაინის ნებისმიერი ქმედების შემთხვევაში. პირიქით, გაეროს წესდების 51-ე მუხლის შესაბამისად, უკრაინას აქვს სრული უფლება, თავდაცვის მიზნით რუსეთის ტერიტორიაზე მდებარე ლეგიტიმურ სამხედრო სამიზნეებზე იერიშები განახორციელოს“, – აცხადებს ანდრეი სიბიგა.