1-ელი სექტემბრიდან სასკოლო ფორმების რეალიზაცია დაიწყება. ფორმების შეძენა შესაძლებელი იქნება როგორც საცალო, ისე ონლაინ რეჟიმში, – ამის შესახებ საქართველოს განათლების, მეცნიერებისა და ახალგაზრდობის მინისტრმა, გივი მიქანაძე, მთავრობის ადმინისტრაციაში გამართულ ბრიფინგზე განაცხადა.
მინისტრის თქმით, ამჟამად მიმდინარეობს ხელშეკრულებების გაფორმების პროცესი ბანკებთან, რომლებიც მომხმარებლებს ფორმების შეძენისას სხვადასხვა საშეღავათო პირობებს შესთავაზებენ.
„1-ელი სექტემბრიდან დაიწყება ფორმების რეალიზაცია. უახლოესი 2-3 კვირის განმავლობაში საზოგადოება დეტალურად იქნება ინფორმირებული იმ პროცესის შესახებ, რომელიც ფორმების რეალიზაციას უკავშირდება. შესაძლებელი იქნება როგორც საცალო, ისე ონლაინ შეძენა. ამისთვის შემუშავებულია სპეციალური პლატფორმა, რომელიც ყველასთვის ხელმისაწვდომი იქნება.
ჩვენ ხელშეკრულებების გაფორმების პროცესში ვართ ბანკებთან, რომლებსაც აქვთ გარკვეული შემოთავაზებები საშეღავათო პირობებთან დაკავშირებით. ეს ინფორმაციაც საზოგადოებისთვის ხელმისაწვდომი გახდება. მაგალითად, კონკრეტული ბანკის ბარათით ფორმის შეძენის შემთხვევაში, ბანკმა შესაძლოა მომხმარებელს გარკვეული შეღავათები შესთავაზოს“, – განაცხადა მიქანაძემ.