26 მუნიციპალიტეტში ვიყავი ჩასული, სადაც ჯამში 10 ათასზე მეტ მშობელს შევხვდი. ამ შეხვედრებზე არც ერთ მშობელს არ უთქვამს, რომ ფორმების შემოღება ცუდი გადაწყვეტილებაა. პირიქით, ისინი ამ ინიციატივას მიესალმებიან, – ამის შესახებ საქართველოს განათლების, მეცნიერებისა და ახალგაზრდობის მინისტრმა, გივი მიქანაძე, განაცხადა.

მისი თქმით, მიმდინარე რეფორმის ფარგლებში გადადგმული ყველა ნაბიჯი ბავშვის საუკეთესო ინტერესების დაცვას ემსახურება.

„ჩვენ ყოველთვის ვეცნობით საზოგადოების აზრს. ამ მიზნით, ოთხი თვის წინ დავიწყე პროექტი – „მინისტრის შეხვედრა მშობლებთან“. 26 მუნიციპალიტეტში ვიყავი ჩასული, სადაც ჯამში 10 ათასზე მეტ მშობელს შევხვდი. ამ შეხვედრებზე არც ერთ მშობელს არ უთქვამს, რა ცუდია, რომ ფორმა შემოგაქვთო. პირიქით, მიესალმებიან ამ გადაწყვეტილებას.

ამის მიუხედავად, საზოგადოებაში არიან ადამიანები, თუმცა ეს ძალიან მცირე ჯგუფია, რომლებიც, ჩემთვის სრულიად გაუგებარი მიზეზით, ამბობენ, რომ ბავშვს ფორმას არ ჩააცმევენ. ვფიქრობ, ამას შეიძლება მიზანმიმართული კამპანიის ხასიათი ჰქონდეს.

როდესაც სასკოლო ფორმებზე საუბრისას მშობელი ამბობს: „მე არ ჩავაცმევ და ვნახავ, ბავშვს როგორ არ შეუშვებენ სკოლაში“, აქ მნიშვნელოვანი ფაქტორია ის, რომ მშობელი, ფაქტობრივად, ბავშვით მანიპულირებს. შეგახსენებთ, საუბარია დაწყებითი კლასების მოსწავლეებზე, რომლებიც ჯერ კიდევ სრულად ვერ აცნობიერებენ საკითხის არსს და, ბუნებრივია, მშობლის ავტორიტეტი მათზე დიდ გავლენას ახდენს.

აქვე შევახსენებ მშობლებს, რომ ბავშვის სკოლაში მიყვანისას ისინი ხელს აწერენ და ეთანხმებიან სკოლის შინაგანაწესს. სწორედ შინაგანაწესით განისაზღვრება, რომ სასკოლო ფორმის ტარება სავალდებულოა. აქამდეც მოქმედებდა წესი, თუმცა მას სავალდებულო ხასიათი არ ჰქონდა. ახალი სასწავლო წლიდან კი ფორმის ტარება დაწყებითი კლასების მოსწავლეებისთვის სავალდებულო გახდება და ეს წესი ყველა საჯარო სკოლაში იმოქმედებს.

თუ მშობელი მაინც გააპროტესტებს და ბავშვს ფორმას არ ჩააცმევს, შინაგანაწესის დარღვევისთვის გათვალისწინებული იქნება როგორც აღმზრდელობითი, ისე შესაბამისი რეაგირების მექანიზმები.

ყველა მშობელმა უნდა გაითავისოს პასუხისმგებლობა, რომელიც, პირველ რიგში, საკუთარი შვილის, შემდეგ კი საზოგადოების წინაშე აკისრია.

ყველა ნაბიჯი, რომელსაც მიმდინარე რეფორმის ფარგლებში ვდგამთ, ბავშვის საუკეთესო ინტერესების დაცვას ემსახურება. ყველაფერს ვაკეთებთ იმისთვის, რომ მომავალი თაობების განვითარებაზე მაქსიმალურად ვიყოთ ორიენტირებული“, – განაცხადა გივი მიქანაძემ.