საქართველოს ელექტროენერგეტიკული სისტემის სრული გათიშვა „ენგურჰესის“ აგრეგატებზე მიმდინარე დაგეგმილ ტესტირებას უკავშირდება.
ენერგეტიკისა და წყალმომარაგების მარეგულირებელი კომისიის წევრის, გიორგი ფანგანის განცხადებით, ამ ეტაპზე მიმდინარეობს მომხდარის დეტალური ანალიზი, რათა ავარიის ზუსტი მიზეზები დადგინდეს.
„მინდა გაცნობოთ, რომ დღეს სახელმწიფო ელექტროსისტემა „ენგურჰესის“ აგრეგატებზე აწარმოებდა დაგეგმილ ტესტირებას, რომლის მიზანი იყო 24 და 25 ივლისს მომხდარი ავარიების გათვალისწინებით, სისტემაში არსებული სუსტი წერტილების გამოვლენა და შეფასება.
ტესტირების ფარგლებში, სხვა ღონისძიებებთან ერთად, გათვალისწინებული იყო საქართველოს ელექტროენერგეტიკული სისტემის იზოლირებულ რეჟიმში მუშაობა. აღნიშნული რეჟიმი დაკავშირებული იყო მნიშვნელოვან ტექნიკურ რისკებთან, მათ შორის, ელექტროენერგეტიკული სისტემის სრულად გათიშვის შესაძლებლობასთან.
როგორც უკვე ცნობილია, ტესტირების მიმდინარეობისას მოხდა საქართველოს ელექტროენერგეტიკული სისტემის სრული გათიშვა. ამ ეტაპზე მიმდინარეობს მომხდარის დეტალური ანალიზი და შესაბამისი შეფასება, რათა დადგინდეს ავარიის ზუსტი მიზეზები და მომავალში თავიდან იქნეს აცილებული მსგავსი შემთხვევების განმეორება“, – წერს გიორგი ფანგანი სოციალურ ქსელში.