„ქართული ოცნების“ რეჟიმი ოკუპაციაზე არის ჩუმად, – ამის შესახებ „ლელო – ძლიერი საქართველოს“ საგარეო მდივანმა, გრიგოლ გეგელია, განაცხადა.
მისი თქმით, „ქართული ოცნება“ აგვისტოს ომის კვირის მოახლოების პერიოდში ყველაფერს აკეთებს იმისთვის, რომ რუსეთის „ფაშისტური და იმპერიალისტური როლი“ შეასუსტოს და ნაკლებად მწვავედ წარმოაჩინოს.
„„ქართული ოცნების“ რეჟიმმა კიდევ ერთხელ დაადასტურა, რომ ემსახურება რუსეთის ინტერესებს, მიზნებსა და ამოცანებს და ღალატობს ქართველი ხალხის ეროვნულ მიზნებს. ნაცვლად იმისა, რომ რეჟიმი აქტიურად ლობირებდეს ისეთ მნიშვნელოვან საკითხებს, როგორიცაა დეოკუპაცია, არაღიარების პოლიტიკის გამტკიცება, საოკუპაციო ხაზთან მცხოვრები ადამიანების დახმარება და რუსეთის ფედერაციის აგრესიაზე საუბარი, ეს არის რეჟიმი, რომელიც ოკუპაციაზე ჩუმად არის.
ეს არის რეჟიმი, რომლის ეროვნული უსაფრთხოების დოკუმენტშიც რუსეთი აგრესორად მოხსენიებული არ არის, რომელიც ღიად არ ლობირებს ოკუპაციის საკითხს. პირიქით, ყოველ აგვისტოს, ომის კვირის წინა პერიოდში, ყველაფერს აკეთებს იმისთვის, რომ რუსეთის ფაშისტური და იმპერიალისტური როლი სულ უფრო შეასუსტოს და მსუბუქად წარმოაჩინოს.
ეს არის დასტური იმისა, რომ რეჟიმი საკუთარი ერისა და მისი სახელმწიფოებრივი ინტერესების წინააღმდეგ არის მომართული. ეს არის რეჟიმი, რომლის არსებობის ყოველი დღე ანტიქართული დღეა“, – განაცხადა გეგელიამ.