ჟურნალისტმა ვახო სანაიამ 14-დღიანი ადმინისტრაციული პატიმრობის შემდეგ დროებითი მოთავსების იზოლატორის დატოვებისას განაცხადა, რომ მისი და მისი მხარდამჭერების ბრძოლა გაგრძელდება.

„რამდენჯერაც არ უნდა ჩაგვსვან ციხეში, რა ჯარიმაც არ უნდა გამოწერონ, ჩვენი ბრძოლა გაგრძელდება. ყველას შევახსენებ ჩვენს სლოგანს, ძალიან მარტივი და მკაფიოა: ბოლომდე! სულ ბოლომდე, გამარჯვებამდე!“ – განაცხადა სანაიამ.

მისივე თქმით, ხელისუფლების მხრიდან განხორციელებული სანქციები გავლენას ვერ მოახდენს მის საქმიანობაზე.

„ვერანაირი პატიმრობა, ჯარიმა და დარბევა ჩვენზე ვერ მოახდენს იმ გავლენას, რა ჩანაფიქრიც შეიძლება ჰქონდეს ამ ქვეყნის დე ფაქტო მმართველს“, – აღნიშნა ჟურნალისტმა.

სანაიას განცხადებით, იგი კვლავ გააგრძელებს საკუთარი პოზიციის გამოხატვას.

„კიდევ დავწერ, ბევრჯერ დავწერ, იმდენჯერ, რამდენჯერაც მომესურვება. აქ იმისთვის არ ვიჯექი, რომ გამოვიდე და რაიმე არ დავწერო – იმისთვის ვიჯექი, რომ ვწერ და ვსაუბრობ“, – განაცხადა ვახო სანაიამ.

შეგახსენებთ, ჟურნალისტი ვახო სანაია საკუთარ საცხოვრებელ სახლთან 22 ივლისს დააკავეს. მას თბილისის საქალაქო სასამართლომ 14-დღიანი ადმინისტრაციული პატიმრობა სოციალურ ქსელში გამოქვეყნებული პოსტის გამო შეუფარდა, რომელიც პარლამენტის თავმჯდომარის, შალვა პაპუაშვილისა და დეპუტატ ვლადიმერ ბოჟაძის შესახებ იყო.

სასამართლოსთვის სამართლებრივი რეაგირების მოთხოვნით მიმართა შინაგან საქმეთა სამინისტროს სიძულვილის ენის წინააღმდეგ ბრძოლის სამმართველომ.