რუსეთის მასშტაბური თავდასხმის შედეგად 17 ადამიანი დაიღუპა, 44 კი დაშავდა, – ამის შესახებ უკრაინის პრეზიდენტი ვოლოდიმირ ზელენსკი სოციალურ ქსელ X-ში წერს.
ზელენსკის ინფორმაციით, კიევსა და კიევის ოლქზე განხორციელებული იერიშის დროს რუსულმა ძალებმა 24 ბალისტიკური რაკეტა, 4 „ცირკონისა“ და „ონიქსის“ ტიპის რაკეტა, ასევე 115 უპილოტო საფრენი აპარატი გამოიყენეს.
მისი თქმით, თავდასხმის მთავარი სამიზნე სამოქალაქო საწარმოების საწყობები იყო. ასევე, დარტყმები განხორციელდა ინფრასტრუქტურის ობიექტებსა და რკინიგზის სადგურზე.
„ამ ობიექტებს ომთან საერთო არაფერი ჰქონდათ“, – წერს ზელენსკი.
უკრაინის პრეზიდენტის განცხადებით, ბალისტიკური რაკეტების გადამჭრელ სისტემებს დღეს დაღუპული ადამიანების სიცოცხლის გადარჩენა შეეძლო.
„ძალიან მნიშვნელოვანია, ჩვენმა პარტნიორებმა გაიგონ, რომ ანტიბალისტიკური სისტემების მიწოდების შეფერხება ან მათი მიწოდების სურვილის არქონა მსგავს მსხვერპლსა და ნგრევას იწვევს. იმ პარტნიორებს, რომლებიც ჯერ არ არიან მზად რაკეტების მიწოდებაში აქტიური როლი შეასრულონ, დახმარება ახალი სანქციების დაწესებით შეუძლიათ. რუსეთის ბალისტიკური რაკეტების წარმოების მნიშვნელოვანი ნაწილი კვლავ არ არის სანქციების ქვეშ. საჭიროა ახალი ნაბიჯები „დიდი შვიდეულის“, ევროკავშირისა და ყველა იმ პარტნიორის მხრიდან, ვინც ადამიანების სიცოცხლის დაცვას უჭერს მხარს“, – აცხადებს ვოლოდიმირ ზელენსკი.