საქართველოს პრემიერ-მინისტრის, ირაკლი კობახიძის განცხადებით, სოხუმის უნივერსიტეტში აგრარული მიმართულების საგანმანათლებლო პროგრამებმა აკრედიტაცია მოიპოვა და შესაბამისი პროგრამების განხორციელება სწორედ ამ უნივერსიტეტში დაიწყება.
ამის შესახებ კობახიძემ მთავრობის სხდომაზე განაცხადა.
„სოხუმის უნივერსიტეტში აგრარული მიმართულების საგანმანათლებლო პროგრამებმა მოიპოვა აკრედიტაცია, შესაბამისად, სწორედ სოხუმის უნივერსიტეტში განხორციელდება შესაბამისი პროგრამები. ჩვენი ამოცანაა, მუდმივად დაიხვეწოს შესაბამისი პროგრამები სოხუმის უნივერსიტეტში“, – განაცხადა პრემიერ-მინისტრმა.
მისივე თქმით, განათლების რეფორმის ფარგლებში ზუგდიდისა და ახალციხის უნივერსიტეტებს ტურიზმის მიმართულების პროგრამები დაემატა.
„ესეც არის რეფორმის მნიშვნელოვანი შედეგი. მადლობა მინდა გადავუხადო განათლების მინისტრს იმისთვის, რომ წარმატებით ხორციელდება განათლების რეფორმა, რომელიც არის კომპლექსური და რთული პროცესი, თუმცა დღემდე ძალიან დიდი წარმატებით ვახორციელებთ შესაბამის ნაბიჯებს“, – აღნიშნა ირაკლი კობახიძემ.