„მმართველი საბჭოს თავმჯდომარედ ჩემს კანდიდატურას დაუჭირეს მხარი, რაც ჩემთვის ძალიან საპასუხისმგებლო და დიდი პატივია“, – ამის შესახებ „ნაციონალური მოძრაობის“ დროებითი მმართველობითი საბჭოს ხელმძღვანელმა, პარტიის ერთ-ერთმა ლიდერმა ირაკლი ფავლენიშვილმა, ყრილობის დასრულების შემდეგ ჟურნალისტებს განუცხადა.
მისი თქმით, მთავარი აღმასრულებელი ფუნქციის მატარებელი იქნება ის საბჭო, რომლის თავმჯდომარედაც აირჩიეს.
„დროებით შევასრულებ თავმჯდომარის მოვალეობებს. რაც შეეხება აღმასრულებელ ფუნქციას, მთავარი აღმასრულებელი ფუნქციის მატარებელი იქნება ის საბჭო, რომლის თავმჯდომარედაც ამ ყრილობაზე ამირჩიეს.
ერთმა ადამიანმა უნდა შეასრულოს დროებითი ფუნქცია-მოვალეობები, რაც ჩვენი პარტიის თავმჯდომარეს აქვს. პარტიის თავმჯდომარის არჩევნები ექვსთვიანი გარდამავალი პერიოდის შემდეგ ჩატარდება. მანამდე კი მე ვიქნები დროებითი ფუნქციის მატარებელი, თუმცა აღმასრულებელ ფუნქციას საბჭო შეასრულებს.
ყველა ორგანოს ჰყავს თავმჯდომარე, ამიტომ არაფერი ახალი და განსაკუთრებული არ მომხდარა. ყველა პროცესში ჩართული ვიქნებით მეც და ჩემი მეგობრები – საბჭოს წევრები.
რა თქმა უნდა, არიან ადამიანები, რომლებსაც განსაკუთრებით კარგად გამოსდით საგარეო ურთიერთობები. საბჭოს წევრობა აუცილებელი არ არის ამ ფუნქციის შესასრულებლად. მაგალითად, არიან ზურაბ ჭიაბერაშვილი და თინა ბოკუჩავა, რომლებიც არსად მიდიან და ჩვენი საგარეო გუნდის აქტიური წევრები არიან. თუმცა საბჭოს წევრები საგარეო მიმართულებითაც აქტიურად ვიქნებით ჩართული“, – განაცხადა ფავლენიშვილმა.
მისი თქმით, პარტიის მთავარი მიზანია მხარდამჭერების მაქსიმალური მობილიზება.
„შეიძლება ითქვას, რომ ჩვენი მომხრეები გაფანტული იყვნენ და მათ მობილიზაცია სჭირდებათ. ძალიან მნიშვნელოვანია წინააღმდეგობის პროცესი, რომელშიც უფრო მეტი ადამიანი უნდა ჩავრთოთ. გარდა ამისა, უნდა მოვემზადოთ და გადავიდეთ რეფორმებზე“, – განაცხადა ფავლენიშვილმა.
შეგახსენებთ, „ერთიანი ნაციონალური მოძრაობის“ დროებითი მმართველობითი საბჭოს ხელმძღვანელად ირაკლი ფავლენიშვილი აირჩიეს. საბჭოს შემადგენლობაში ასევე შედიან პეტრე ცისკარიშვილი, ანი წითლიძე, გიორგი ჩალაძე, ლაშა ფარულავა, გიორგი ბოტკოველი, ლევან ბეჟაშვილი და პატიმრობაში მყოფი ირაკლი ნადირაძე.