„ერთიანი ნაციონალური მოძრაობის“ ერთ-ერთი ლიდერის, ირაკლი ფავლენიშვილის განცხადებით, დღეს დაგეგმილი პარტიის ყრილობა გარდამავალი პერიოდისთვის მნიშვნელოვან გადაწყვეტილებებს მიიღებს.
მისი თქმით, პარტიაში დაგეგმილი ცვლილებებისა და რეფორმების განხორციელებაზე პასუხისმგებელი დროებითი მმართველობითი ორგანო იქნება, რომელიც ყრილობის შემდეგ შეიქმნება.
„დღეს ძალიან მნიშვნელოვანი ყრილობა იმართება. არის გარდამავალი პერიოდი, ცვლილებები და რეფორმები უნდა განხორციელდეს. ამაზე პასუხისმგებელი იქნება, მათ შორის, დროებითი მმართველობითი ორგანო, რომელიც პარტიაში შეიქმნება. მასში შევლენ პარტიის ლიდერები. ასევე იქნება „რეფორმების საბჭო“ ნანუკას მონაწილეობით, რომელიც ძალიან აქტიური იქნება“, – განაცხადა ფავლენიშვილმა.
მისივე თქმით, ყრილობაზე აირჩევენ საბჭოს წევრებს, ხოლო ექვსი თვის შემდეგ პარტიის თავმჯდომარის არჩევნები პირდაპირი წესით ჩატარდება.
„ჯერ აირჩევიან საბჭოს წევრები, შემდეგ კი საბჭო აირჩევს დროებით თავმჯდომარეს. საბოლოოდ, ექვსი თვის შემდეგ ჩატარდება თავმჯდომარის არჩევნები პირდაპირი გზით“, – აღნიშნა ირაკლი ფავლენიშვილმა.
ცნობისთვის, „ერთიანი ნაციონალური მოძრაობის“ მორიგი ყრილობა დღეს გაიმართება. ოპოზიციური პარტიის წარმომადგენლები შეკრებას 15:00 საათზე დაიწყებენ.