თბილისის მერის, კახა კალაძის განცხადებით, რუსთაველის გამზირის სარეაბილიტაციო სამუშაოები ნოემბრის ბოლოს უნდა დასრულდეს. ამის შესახებ მან თბილისის მთავრობის სხდომაზე განაცხადა.
კალაძის თქმით, მცდარია გავრცელებული ინფორმაცია, თითქოს სამუშაოები ოქტომბერში უნდა დასრულდეს. მისივე განცხადებით, რეაბილიტაციის დაწყებისას საზოგადოებას განუმარტეს, რომ პროექტის განხორციელებას ოთხი თვე დასჭირდებოდა.
„სამუშაოები 23 ივლისს დავიწყეთ და მაშინვე ვთქვით, რომ სრულ რეაბილიტაციას ოთხი თვე დასჭირდებოდა. თუმცა, გარკვეული მედიასაშუალებები და სოციალური ქსელის მომხმარებლები ცდილობენ, საზოგადოება შეცდომაში შეიყვანონ და გაავრცელონ მცდარი ინფორმაცია. თხოვნა მაქვს თბილისელებისადმი არ ენდოთ ასეთ ცნობებს. სამუშაოების მიმდინარეობისა და ეტაპების შესახებ ოფიციალურ ინფორმაციას მუნიციპალიტეტი გაავრცელებს“, – განაცხადა კალაძემ.
მისივე თქმით, არასწორია ინფორმაცია, თითქოს სამუშაოების დასრულების ვადა ოქტომბრამდე გადაიწია.
„სამუშაოები ნოემბრის ბოლოს უნდა დასრულდეს. პროექტი მოიცავს როგორც მიწისქვეშა კომუნიკაციების, ისე საგზაო ინფრასტრუქტურის სრულ რეაბილიტაციას“, – აღნიშნა თბილისის მერმა.