„ნაციონალური მოძრაობის“ წევრის, ლაშა ფარულავას განცხადებით, პარტიის ყრილობის თარიღი 5 აგვისტოს იმ მიზნით შეირჩა, რომ მას ყველა დაინტერესებული პირი დასწრებოდა. მისივე თქმით, პარტია თინა ბოკუჩავასაც ელოდება.
ფარულავა დღეს დაგეგმილ ყრილობას გამოეხმაურა და განაცხადა, რომ მის ლეგიტიმურობასთან დაკავშირებით კითხვები არ არსებობს.
„თინა ბოკუჩავა ერთ-ერთი კანდიდატია დროებით საბჭოში. ყველა ლიდერი არის ამ საბჭოში. 5 აგვისტოს იმიტომ დავნიშნეთ ყრილობა, რომ მას ყველა დასწრებოდა. ცხადია, თინა ბოკუჩავასაც ველოდებით და გაგვიხარდება, თუ შემოგვიერთდება“, – განაცხადა ფარულავამ.
მისი თქმით, პარტიის პოლიტიკურმა საბჭომ ყრილობის მოწვევის გადაწყვეტილება წესდების შესაბამისად მიიღო.
„პოლიტიკური საბჭოს სხდომა ჩატარდა წესების დაცვით, დებულების შესაბამისად. საბჭომ წესდების მიხედვით იმოქმედა და ყრილობა მოიწვია. ყრილობა აბსოლუტურად ლეგიტიმურია. თუ ვინმეს ამასთან დაკავშირებით რაიმე ეჭვი აქვს, დღეს ეს საკითხი გაიფანტება“, – აღნიშნა ლაშა ფარულავამ.
ცნობისთვის, „ერთიანი ნაციონალური მოძრაობის“ მორიგი ყრილობა დღეს გაიმართება. ოპოზიციური პარტიის წარმომადგენლები შეკრებას 15:00 საათზე დაიწყებენ.