„ყველა პარტიაში არსებობს კამათი, სხვადასხვა მოსაზრება, მაგრამ საკვანძო მომენტში პარტიამ უნდა აჩვენოს ერთიანობა“, – ამის შესახებ „ერთიანი ნაციონალური მოძრაობის“ ერთ-ერთმა ლიდერმა, ლევან სანიკიძემ პარტიის ყრილობის დაწყებამდე განაცხადა.
მისი თქმით, დღევანდელი ყრილობის მთავარი მიზანია, პარტია გარდამავალი პერიოდისთვის მოემზადოს.
„დღევანდელ ყრილობას აქვს თავისი მნიშვნელოვანი ფუნქცია და დანიშნულება პარტია ემზადება დროებითი, გარდამავალი მმართველობისთვის. ყრილობის მიერ მხარდაჭერილი კანდიდატები მმართველობით „ბორდში“ იქნებიან წარმოდგენილი“, – განაცხადა სანიკიძემ.
მისივე თქმით, ექვსთვიანი გარდამავალი პერიოდის შემდეგ პარტიაში თავმჯდომარის არჩევნები ჩატარდება.
„დღეს „ნაციონალური მოძრაობა“ თავმჯდომარეს არ ირჩევს. პარტიას ეყოლება „ბორდი“, რომელიც შეითავსებს იმ ფუნქციებს, რასაც აქამდე გენერალური მდივანი, სამდივნო და დეპარტამენტები ასრულებდნენ. ამ პროცესში პოლიტსაბჭოც უფრო აქტიურად ჩაერთვება“, – აღნიშნა სანიკიძემ.
რაც შეეხება კითხვას, დაესწრება თუ არა ყრილობას პარტიის თავმჯდომარის მოვალეობის შემსრულებელი თინა ბოკუჩავა, სანიკიძემ განაცხადა, რომ აღნიშნულ საკითხზე თავად ბოკუჩავა გააკეთებს განცხადებას.
„მქონდა კომუნიკაცია თინა ბოკუჩავასთან, თუმცა არ მაქვს უფლება, მისი გადაწყვეტილების შესახებ წინასწარ გაცნობოთ. ის თავად გააკეთებს განცხადებას“, – განაცხადა სანიკიძემ.
მისივე თქმით, დღევანდელი ყრილობის ერთ-ერთი მიზანი პარტიაში ერთიანობის დემონსტრირებაა.
„რა თქმა უნდა, ყველა პარტიაში არსებობს კამათი და განსხვავებული მოსაზრებები, მაგრამ საკვანძო მომენტში პარტიამ უნდა აჩვენოს ერთიანობა. დღევანდელი ყრილობა სწორედ იმას უნდა მოემსახუროს, რომ ჩვენს ამომრჩევლებსა და მხარდამჭერებს დავანახოთ – „ერთიანი ნაციონალური მოძრაობა“ არის ერთიანი“, – განაცხადა ლევან სანიკიძემ.
ცნობისთვის, „ერთიანი ნაციონალური მოძრაობა“ დღეს ყრილობას მართავს. მანამდე პარტიამ პოლიტსაბჭოს სხდომა გამართა, რომელსაც თავმჯდომარის მოვალეობის შემსრულებელი თინა ბოკუჩავა არ ესწრებოდა.