„ყველაზე რთულ სიტუაციაშიც კი უნდა გვახსოვდეს , ჩვენ ვართ გამარჯვებისთვის დაბადებული“, – ამის შესახებ საქართველოს მესამე პრეზიდენტის, მიხეილ სააკაშვილი, მიმართვაშია აღნიშნული, რომელიც დღეს პარტიის ყრილობაზე დამსწრე საზოგადოებას გააცნეს.
სააკაშვილის თქმით, ქვეყანა მძიმე განსაცდელშია და ბრძოლის გაგრძელება აუცილებელია.
„მეგობრებო, ჩემო მრავალგანსაცდელგამოვლილო სახელმწიფოს აღმშენებელო, ერთგულო თანამებრძოლებო.
ისევ, როგორც 2003-ში, 2008-ში, გვეძახის ჩვენი ქვეყანა. ისევ ჩვენი გადასარჩენია საქართველოს არსებობა, რეპუტაცია და მომავალი.
თქვენ ხართ საოცარი გუნდი, რომელმაც თავის დროზე მსოფლიოში ერთ-ერთ ყველაზე წარმატებულად დაამარცხა კორუფცია, კრიმინალი, უშუქობა და უიმედობა. მთელ რეგიონში შექმენით პროგრესის ტალღა და დაწერეთ საქართველოს ისტორიის ოქროს ფურცლები.
ახლა ჩვენი ქვეყანა უმძიმეს განსაცდელშია და ისევ ჩვენ უნდა დავიბრუნოთ ჩვენი ორი უმთავრესი ქართული ღირებულება – თავისუფლება და ევროპისკენ გეზი.
თავისუფალი ევროპული საზოგადოება არის ერთადერთი გარემო, რომელშიც ქართული თვითმყოფადობა, ეროვნული ნიჭი და გონიერება გაიფურჩქნება. ყველაფერი დანარჩენი თავსმოხვეული რუსული ჭაობია.
მე უკვე ხუთი წელია ვუძლებ ციხის მძიმე პირობებს, იზოლაციას, გავუძელი წამებას, მოწამვლას, ორმხრივ ლანძღვასა და შეურაცხყოფას, რადგან ვგრძნობ თქვენს თანადგომას, რისთვისაც დიდი მადლობა მინდა გითხრათ.
ასევე, ვგრძნობ ხალხის სიყვარულის სწრაფად მზარდ ტალღას, რომელიც უკვე კალაპოტს არღვევს და მალე რეჟიმის ამოყვანილ ჯებირებსაც გაანგრევს. ეს ენერგია ისევ თავისუფლებისკენ, ევროპულ ოჯახში დაბრუნებისა და აღმშენებლობისკენ გვიბიძგებს.
ჩემი და ციხეში მყოფი ჩვენი თანამებრძოლების ამოცანაა არა მხოლოდ პირადი თავისუფლება, არამედ, ამაზე მეტად, საქართველოს გათავისუფლება, ხალხის თვალებში გამოხედვა, ქვეყნის გათავისუფლება ოკუპაციისა და ჭაობისგან, აფხაზეთის დაბრუნება და ძალიან წარმატებული, დიდი სახელმწიფოს შექმნა.
დიახ, ახლა ვცდილობთ, გავუმკლავდეთ ყოველდღიურ გაჭირვებას, მაგრამ არ უნდა დაგვავიწყდეს ჩვენი უზენაესი დანიშნულება – ისევ ვიყოთ ძლიერები, კვლავ გავაკვირვოთ მსოფლიო ჩვენი მიღწევებით და აფხაზეთში ავაფრიალოთ ჩვენი ხუთჯვრიანი თავისუფლების დროშა.
ჩვენი დაყოფისა და დემოტივაციის ყველა მცდელობა შიდა დამყოფებს ცუდად შემოუბრუნდათ, მტერმაც საბოლოოდ ვერაფერს მიაღწია და ვერც მომავალში შეძლებს ჩვენი თამაშგარედ დატოვებას, რადგან ჩვენ ვართ სახელმწიფოებრიობის იდეის მატარებლები და, შესაბამისად, მთავარი ქართული პოლიტიკური ძალა.
ყველაზე რთულ სიტუაციაშიც კი უნდა გვახსოვდეს , ჩვენ ვართ გამარჯვებისთვის დაბადებული“, – აღნიშნულია მიხეილ სააკაშვილის მიმართვაში.