2026 წელს ოკუპირებულ ტერიტორიებზე მცხოვრები აბიტურიენტები საქართველოს უმაღლეს საგანმანათლებლო დაწესებულებებში ერთიანი ეროვნული გამოცდების გარეშე ჩაირიცხებიან და საქართველოს მთავრობის მიერ დაფუძნებულ უმაღლეს საგანმანათლებლო დაწესებულებებში სწავლის სრულ დაფინანსებას მიიღებენ. ინფორმაციას საქართველოს განათლების, მეცნიერებისა და ახალგაზრდობის სამინისტრო ავრცელებს.

უწყების ცნობით, პროგრამაში მონაწილეობის მსურველთა რეგისტრაცია უკვე დაიწყო და 2026 წლის 5 სექტემბრის ჩათვლით გაგრძელდება.

სამინისტროს განმარტებით, ერთიანი ეროვნული გამოცდების გარეშე ჩარიცხვის უფლება აქვთ საქართველოს ოკუპირებულ ტერიტორიებზე მცხოვრებ პირებს, რომლებიც ბოლო ორი წლის განმავლობაში სწავლობდნენ ოკუპირებულ ტერიტორიაზე მოქმედ ზოგადსაგანმანათლებლო დაწესებულებაში, მიიღეს სრული ზოგადი განათლების დამადასტურებელი დოკუმენტი და რომელთა განათლება საქართველოს განათლების, მეცნიერებისა და ახალგაზრდობის სამინისტროს მიერ დადგენილი წესით არის აღიარებული.

განცხადებების წარდგენა შესაძლებელია როგორც მატერიალური, ისე ელექტრონული ფორმით. მატერიალური ფორმით განაცხადები მიიღება გორის, კასპის, ქარელისა და ხაშურის მუნიციპალიტეტებში სახელმწიფო რწმუნებულის ადმინისტრაციაში (მისამართები: გორი, ფერაძის ქ. №5; თბილისი, პეტრე ქავთარაძის ჩიხი №1), ხოლო ელექტრონული ფორმით – აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის განათლებისა და კულტურის სამინისტროს შესაბამის პლატფორმაზე.