რუსეთის მიერ კიევის ოლქში, ბროვარის რაიონში მდებარე კვიტნევას რკინიგზის სადგურზე განხორციელებული დარტყმის შედეგად 8 ადამიანი დაიღუპა. ინფორმაციას უკრაინული მედია ავრცელებს.
ბროვარის რაიონის სახელმწიფო ადმინისტრაციის ხელმძღვანელის, ვიტალი ბიგუნის განცხადებით, რუსულმა ძალებმა იერიში იმ დროს მიიტანეს, როდესაც ადამიანები პლატფორმაზე მატარებელს ელოდებოდნენ.
„ღამით მატარებელმა ოდნავ დააგვიანა და ადამიანებმა ბოლო მატარებელზე ასვლა ვერ მოასწრეს. სამწუხაროდ, არიან დაღუპულები და დაშავებულები“, – განაცხადა ბიგუნმა.
უკრაინის პრეზიდენტის, ვოლოდიმირ ზელენსკის ინფორმაციით, გასულ ღამეს კიევსა და კიევის ოლქზე განხორციელებული რუსეთის მასშტაბური თავდასხმის შედეგად, საერთო ჯამში, 17 ადამიანი დაიღუპა, ხოლო 44 დაშავდა.
ამასთან, უკრაინული მედიის ცნობით, წუხანდელი იერიშის შედეგად განადგურდა უკრაინის უმსხვილესი ონლაინ-სავაჭრო პლატფორმის, Rozetka-ს, და ჰიპერმარკეტების ქსელ Epicentr-ის ლოჯისტიკური ჰაბები.
Rozetka-ს თანადამფუძნებლისა და თანამფლობელის, ირინა ჩეჩოტკინას განცხადებით, ქალაქ ბროვარიში მდებარე კომპანიის ლოჯისტიკურ კომპლექსს სამი ბალისტიკური რაკეტა მოხვდა. მისი თქმით, თავდასხმის შედეგად არავინ დაშავებულა, თუმცა შენობა მთლიანად განადგურდა.
ჩეჩოტკინას ინფორმაციით, ლოჯისტიკური კომპლექსი 2017 წლიდან ფუნქციონირებდა და ყოველდღიურად 100 000-ზე მეტ შეკვეთას ამუშავებდა. მისივე თქმით, მიყენებული ზარალის მიუხედავად, Rozetka მუშაობას განაგრძობს.
რუსეთის თავდასხმის შედეგად დაზიანდა Epicentr-ის ობიექტებიც. კიევში მდებარე კომპანიის ლოჯისტიკური ცენტრი ხანძრის შედეგად განადგურდა. კომპანიის ინფორმაციით, თავდასხმას ერთი თანამშრომელი ემსხვერპლა, ხოლო სამი დაშავდა.