ურეკის სანაპიროზე მომხდარ ინციდენტთან დაკავშირებით, შინაგან საქმეთა სამინისტროს სასაზღვრო პოლიციის სანაპირო დაცვის დეპარტამენტმა სამართალდარღვევის ფაქტზე რეაგირება მოახდინა.
უწყების ინფორმაციით, სოციალურ ქსელებში გავრცელებულ ვიდეოში ასახულია შემთხვევა, როდესაც ჰიდროციკლით მოძრავი პირი ზღვაში მყოფ მოქალაქეებს საფრთხეს უქმნიდა.
შსს-ის ცნობით, აღნიშნული პირი ადმინისტრაციული წესით დააკავეს.
„სოციალურ ქსელებში სხვადასხვა გვერდის მეშვეობით გავრცელდა ვიდეომასალა, რომელშიც ჩანს, რომ ურეკის სანაპიროზე ჰიდროციკლით მოძრავი პირი საფრთხეს უქმნის ზღვაში მყოფ მოქალაქეებს.
შინაგან საქმეთა სამინისტროს სასაზღვრო პოლიციის სანაპირო დაცვის დეპარტამენტის თანამშრომლებმა დაუყოვნებლივ დააფიქსირეს სამართალდარღვევის ფაქტი. მოქალაქეს პირადობის დამადასტურებელი დოკუმენტის წარდგენა მოსთხოვეს, თუმცა მან სამართალდამცველთა კანონიერი მოთხოვნა არ შეასრულა და თანამშრომლებს სიტყვიერი შეურაცხყოფა მიაყენა.
სასაზღვრო პოლიციის ოპერატიულ-საგამოძიებო დეპარტამენტის თანამშრომლებმა აღნიშნული პირის მიმართ ადმინისტრაციული საქმისწარმოება საქართველოს ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსის 166-ე და 173-ე მუხლებით დაიწყეს და იგი ადმინისტრაციული წესით დააკავეს. ამასთან, მის მიერ ჩადენილი სამართალდარღვევისთვის ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსის 114-ე მუხლის შესაბამისად დააჯარიმეს“, – ნათქვამია განცხადებაში.