შინაგან საქმეთა სამინისტროს ინფორმაციით, იმერეთის პოლიციის დეპარტამენტის თანამშრომლებმა ჯანმრთელობის განზრახ მძიმე დაზიანების ბრალდებით ძებნილი, წარსულში სხვადასხვა დანაშაულისთვის ნასამართლევი და ამჟამად პირობითი მსჯავრის ქვეშ მყოფი პირი დააკავეს.
უწყების ცნობით, გამოძიებით დადგინდა, რომ ბრალდებულმა მიმდინარე წლის 12 ივლისს, ხარაგაულის მუნიციპალიტეტში, ურთიერთშელაპარაკების ნიადაგზე, ცივი იარაღით ნაცნობ მამაკაცს ჭრილობები მიაყენა და შემთხვევის ადგილიდან მიიმალა.
დაჭრილი მამაკაცი სასწრაფო სამედიცინო დახმარების ბრიგადამ კლინიკაში გადაიყვანა.
სამართალდამცველებმა ჩატარებული ოპერატიული ღონისძიებებისა და საგამოძიებო მოქმედებების შედეგად, ბრალდებულის ვინაობა მალევე დაადგინეს, რის შემდეგაც მასზე ძებნა გამოცხადდა. პოლიციამ ძებნილი იმერეთის რეგიონში დააკავა.
გამოძიება საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 117-ე მუხლით მიმდინარეობს, რაც სასჯელის სახით 7 წლამდე ვადით თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს.