„ძლიერი საქართველო – ლელო“ მოითხოვს, რომ საფოსტო გზავნილებზე მოქმედი 300-ლარიანი განბაჟების ზღვარი საქართველოს მოქალაქეებისთვის 900 ლარამდე გაიზარდოს. ამის შესახებ პარტიის ერთ-ერთმა ლიდერმა, თაზო დათუნაშვილმა, ბრიფინგზე განაცხადა.
მისი შეფასებით, მოქმედი 300-ლარიანი ზღვარი, რომელიც 2009 წელს დაწესდა, დღევანდელ ეკონომიკურ რეალობას აღარ შეესაბამება.
დათუნაშვილის განცხადებით, 2009 წელს აშშ დოლართან მიმართებით ლარის გაცვლითი კურსი 1.66 იყო, ხოლო 2026 წლის აგვისტოში 2.62-ს შეადგენს. მისივე თქმით, COVID-19-ის პანდემიის შემდეგ ონლაინ ვაჭრობის მასშტაბები მნიშვნელოვნად გაიზარდა, რის გამოც არსებული ლიმიტი მოქალაქეებისთვის დამატებით ფინანსურ და ადმინისტრაციულ ტვირთს ქმნის.
როგორც მან აღნიშნა, პარტიის გათვლებით, განბაჟების ზღვრის 900 ლარამდე გაზრდა სახელმწიფო ბიუჯეტს დაახლოებით 14 მილიონი ლარის შემოსავალს დააკლებს, თუმცა ასობით ათას მოქალაქესა და მცირე და საშუალო ბიზნესს საგრძნობ შეღავათს მოუტანს.
დათუნაშვილის თქმით, ინიციატივა შეეხება იმ მომხმარებლებს, რომლებიც სხვადასხვა საერთაშორისო ონლაინ-პლატფორმიდან, მათ შორის Temu-დან და Amazon-იდან, პროდუქციას იწერენ.
მისივე განცხადებით, „ძლიერი საქართველო – ლელო“ ხელისუფლებაში მოსვლის შემთხვევაში აღნიშნული ცვლილების განხორციელებას ერთ-ერთ პირველ რეფორმად განიხილავს. ამასთან, მან მმართველ გუნდსაც მოუწოდა, ინიციატივას მხარი დაუჭიროს.