ჩრდილოეთ კორეის სარაკეტო ქვედანაყოფი რუსეთში განლაგდა, – ინფორმაციას Reuters-ი უკრაინის მთავარი სადაზვერვო სამმართველოს წარმომადგენელზე, ანდრეი ჩერნიაკზე დაყრდნობით ავრცელებს.

ჩერნიაკის განცხადებით, შესაძლოა, ჩრდილოეთ კორეის ქვედანაყოფი უკრაინაზე იერიშებისთვის 120 ბალისტიკური რაკეტითა და ექვსი სარაკეტო გამშვები დანადგარით იყოს აღჭურვილი.

უკრაინის დაზვერვის წარმომადგენლის ინფორმაციით, ქვედანაყოფი დაახლოებით 90 სამხედრო მოსამსახურისგან შედგება და რუსეთის მიერ მისი განლაგება ვორონეჟის ოლქში იგეგმება.

მისივე თქმით, სამხედრო პერსონალისა და რაკეტების ნაწილი რუსეთში უკვე გაგზავნილია, თუმცა მათი საბოლოო რაოდენობის შესახებ შეთანხმება მოსკოვსა და ფხენიანს შორის მომავალ თვეში უნდა გაიმართოს.

ცნობისთვის, გასულ კვირას, 2025 წლის აგვისტოს შემდეგ პირველად, რუსეთმა უკრაინაზე თავდასხმისას ჩრდილოეთ კორეის წარმოების რაკეტა გამოიყენა.