გერმანიის შინაგან საქმეთა მინისტრის, ალექსანდრ დობრინდტის განცხადებით, ლაიფციგის აეროპორტში ასაფეთქებელი ნივთიერებებით დატვირთული დრონის აღმოჩენა ქვეყნისთვის საფრთხის ახალ დონეს წარმოადგენს.
მინისტრის თქმით, აღნიშნული ინციდენტი, სავარაუდოდ, მოყვარულების მიერ განხორციელებული ქმედება არ არის და გამომძიებლები მას „პროფესიული ჰიბრიდული საფრთხის სცენარის“ ნაწილად განიხილავენ.
„აქ საქმე გვაქვს მეტოქეობასთან, რომელშიც შესაძლოა უცხო სახელმწიფოებიც მონაწილეობდნენ – ეს გამოძიების ფარგლებში დადგინდება – და რომლებიც, აშკარად, ცდილობენ, გერმანიაში მნიშვნელოვანი გაურკვევლობა გამოიწვიონ“, – განაცხადა დობრინდტმა.
შეგახსენებთ, ლაიფციგის აეროპორტში გუშინ უკრაინული „ანტონოვის“ სატრანსპორტო თვითმფრინავის მახლობლად ასაფეთქებელი მოწყობილობითა და დეტონატორით აღჭურვილი დრონი აღმოაჩინეს.
დრონის აღმოჩენამ აეროპორტში განგაში გამოიწვია, რის გამოც რამდენიმე რეისის გადამისამართება გახდა საჭირო. გერმანიის პოლიციამ ასაფეთქებელი მოწყობილობის გასანეიტრალებლად სპეციალური რობოტი გამოიყენა.
მომხდართან დაკავშირებით გამოძიებას გერმანიის პროკურატურის ექსტრემიზმისა და ტერორიზმის წინააღმდეგ ბრძოლის განყოფილებები აწარმოებენ.