ანასტასია ბერუაშვილი არის გოგონა, რომელმაც იცოდა, რომ გიგა ავალიანზე თავდასხმას აპირებდნენ და იცოდა, რომ მას თავს დაესხნენ, – ამის შესახებ მოკლული მასწავლებლის, გიგა ავალიანის დედამ, ეკა კუპატაძემ „პალიტრავიდეოსთან“ საუბრისას განაცხადა.
მისივე თქმით, ანასტასია ბერუაშვილისთვის თავდასხმამდეც და თავდასხმის შემდეგაც ცნობილი იყო მომხდარის შესახებ.
„ანასტასია ბერუაშვილმა იცოდა, რომ გიგას დაესხმებოდნენ თავს და იმ ღამესვე, ვიდრე ექიმი დასვამდა დიაგნოზს, მანამდე იცოდა ანასტასია ბერუაშვილმა, რომ გიორგი რიკაძემ და ალექსანდრე გაბაშვილმა იძალადეს გიგაზე და გიგა გაითიშა.
ანასტასია ბერუაშვილი არის გოგონა, რომელმაც იცოდა, რომ გიგაზე თავდასხმას აპირებდნენ და იცოდა, რომ თავს დაესხნენ და გაითიშა. სხვათა შორის, ის ამას ჩვენებაშიც აფიქსირებს, რომ ყველაფერი იცოდა“, – განაცხადა ეკა კუპატაძემ.
მან ასევე ისაუბრა ნია იმნაძის დაკავებაზე და აღნიშნა, რომ ამ ეტაპზე საქმის მასალები არ აქვს და ზუსტად არ იცის, რა ახალი მტკიცებულებები გახდა მისი დაკავების საფუძველი.
„საქმის მასალები ჯერჯერობით გადმოცემული არ მაქვს, თუმცა მთელმა საქართველომ იცის, რომ მე აქტიურად ვთანამშრომლობდი პროკურატურასთან გამოძიების განმავლობაში და ვიცოდი, რომ ტელეფონიდან გარკვეული ინფორმაციები აღდგა.
„მეტასთან“ თანამშრომლობდა პროკურატურა, სახლში იყო ფარული მოსასმენი აპარატურა, რა მასალებიც ექსპერტიზისთვის იყო გადაცემული. ნია იმნაძის ტელეფონიდან საკმაოდ ბევრი მასალაა აღდგენილი.
მაგრამ, სავარაუდოდ, ახალი მტკიცებულებებიც გაჩნდა, რაც ვიცოდი, რომ ასე იქნებოდა, თუმცა ზუსტად რა ფორმით, როგორ არის და რა მტკიცებულებაა, მე ჯერ ეს ხელთ არ მაქვს“, – განაცხადა ეკა კუპატაძემ.