აგვისტოდან საქართველოს რკინიგზის მომხმარებლები თბილისიდან ბათუმში მატარებლით 4 საათში მგზავრობას შეძლებენ. ამის შესახებ ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრის მოადგილემ, თამარ იოსელიანმა განაცხადა.
მისი ინფორმაციით, აღნიშნული მიმართულებით მგზავრობის დრო საქართველოს რკინიგზაში განხორციელებული მასშტაბური ინფრასტრუქტურული სამუშაოების შედეგად შემცირდა.
„ქსელზე განხორციელდა მასშტაბური და კომპლექსური ინფრასტრუქტურული მოდერნიზაცია, შესაბამისად, შევძელით მგზავრობის დროის შემცირება. ეს თავისთავად აისახება როგორც მგზავრთნაკადზე, მის გაორმაგებაზე, ასევე ტურისტულ მიმართულებებზე. შესაბამისად, შევძლებთ, რომ ვიზიტორებს და ჩვენს თანამოქალაქეებს შევთავაზოთ კომფორტული და უსაფრთხო მგზავრობა თბილისიდან ბათუმის მიმართულებით“, – აღნიშნა თამარ იოსელიანმა.
ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტროს ინფორმაციით, რკინიგზით მგზავრობის დროის შემცირებას ხელი შეუწყო უღელტეხილის მონაკვეთზე მოდერნიზაციის პროექტის დასრულებამაც.
ამასთან, მინისტრის მოადგილემ აღნიშნა, რომ პროექტის ფარგლებში, ინფრასტრუქტურის განახლების პარალელურად, რეაბილიტაცია ჩაუტარდა სამგზავრო სადგურებსაც.
„მნიშვნელოვანია, რომ საქართველოს რკინიგზა მოქმედ სადგურებში რეაბილიტაციას ახორციელებს, რაც ასევე მნიშვნელოვანია იმისთვის, რომ გავზარდოთ საქართველოს რკინიგზის დატვირთვა აღნიშნული მიმართულებით და უფრო კომფორტულად მოვემსახუროთ ჩვენს მგზავრებს“, – განაცხადა თამარ იოსელიანმა.