უკრაინის უმაღლესმა ანტიკორუფციულმა სასამართლომ აშშ-ში უკრაინის ყოფილ ელჩს, ოლგა სტეფანიშინას, აღკვეთის ღონისძიების სახით 6 მილიონი გრივნის ოდენობის გირაო შეუფარდა. ინფორმაციას უკრაინული მედია ავრცელებს.

სასამართლოს გადაწყვეტილებით, ოლგა სტეფანიშინა ვალდებულია, ანტიკორუფციული ორგანოების გამოძახების შემთხვევაში დაუყოვნებლივ გამოცხადდეს.

აშშ-ში უკრაინის ყოფილი ელჩის განცხადებით, ამ ეტაპზე გირაოს გადასახდელად საჭირო თანხა არ აქვს, თუმცა ადვოკატებთან შემდგომ ნაბიჯებს განიხილავს.

უკრაინული მედიის ცნობით, ოლგა სტეფანიშინას ბრალად უკანონო გამდიდრების საქმეში მონაწილეობა და ყალბი დეკლარაციის წარდგენა ედება.

გამოძიების ვერსიით, სტეფანიშინამ ქონებრივ დეკლარაციაში არ ასახა ინფორმაცია კიევში მდებარე ორი ბინის, ავტომობილებისა და დედის მკურნალობის ხარჯების შესახებ.