„პირველ პერიოდში ასეთი მდგომარეობა იყო , გამწარებული ადამიანები, რომლებსაც დედა, მამა და ახლობლები მოუკლეს, ბრძოლისას ტყვეებს არ იყვანდნენ და კლავდნენ. ეს არის ომის პირველი პერიოდის მწარე სიმართლე, რაც მე ვიცი, რადგან ტყვეების გაცვლით ვიყავი დაკავებული“, – ამის შესახებ „ერთიანი ნაციონალური მოძრაობის“ ერთ-ერთმა ლიდერმა, გიორგი ბარამიძემ, ჟურნალისტებს განუცხადა.

მისი თქმით, აღნიშნული ვითარება მოგვიანებით შეიცვალა და, მისივე განმარტებით, სწორედ ამის შედეგად გახდა შესაძლებელი სეპარატისტულ მხარესთან ქართველი ტყვეების გაცვლა.

„იმ ადამიანებმა, რომლებიც უფრო მეტ დროს „ნაციონალური მოძრაობის“ წინააღმდეგ ბრძოლას უთმობენ, ვიდრე ამ, მათი შეფასებით, მოღალატეობრივი რეჟიმის წინააღმდეგ, დრო იხელთეს და რაღაცაში „გამომიჭირეს“. ვინც ჩემს ინტერვიუს უყურა, ძალიან მკაფიოდ ვამბობ, რომ პირველ პერიოდზე მაქვს საუბარი.

სამწუხაროდ, მაშინ ჩვენს მხარეს სათანადო დისციპლინა არ იყო. რეგულარული ჯარი არ გვყავდა, თუმცა ეს არანაირად არ არის ქართული ჯარის შეურაცხყოფა. ეს წერილობითაც განვმარტე და ინტერვიუშიც ვთქვი, რათა არავინ შეცდომაში არ შესულიყო. ვისაც ინტერვიუ არ უნახავს, მათთვის გუშინაც გავაკეთე განმარტება. რუსულ პროპაგანდას ვერ შევაჩერებ, მაგრამ ვისაც სიმართლე აინტერესებდა, ყველაფერს ავუხსენი.

პირველ პერიოდში ადამიანები, რომლებსაც ბრძოლისას დედა, მამა და ახლობლები მოუკლეს, გამწარებულები იყვნენ და ტყვეებს არ იყვანდნენ. ომი სწორედ ამიტომ არის საშინელი , ადამიანი ადამიანს კლავს. რუსულ მხარეს კი დისციპლინა ჰქონდა და ტყვეებს არა ჰუმანურობის გამო, არამედ სამხედრო და სადაზვერვო ინფორმაციის მოსაპოვებლად იყვანდნენ.

მე და ჩემი მოადგილე 200 ქართველ ტყვეს ვერ გავცვლიდით, ჩვენს მხარეს ტყვეები რომ არ აეყვანათ. იმ პერიოდში უკვე პარლამენტის წევრი ვიყავი, თუმცა ინტერვიუშიც ავხსენი, რატომ მომიწია ომში წასვლა. ჩვენი ხელისუფლებისა და ჯარის დახმარება მევალებოდა, რათა ტყვეები აგვეყვანა. ხალხის გამწარების მიუხედავად, საჭირო იყო მოწინააღმდეგის ტყვედ აყვანა და არა შორიდან სროლა. ეს მხოლოდ დავალება არ ყოფილა, მათთან ერთად მეც ავიღე იარაღი და ფრონტის ხაზზე წავედი.

კიდევ ერთხელ ვამბობ, საუბარია მხოლოდ ომის პირველ პერიოდზე. ეს არ ეხება არც ქართულ ჯარს და არც ქართულ სახელმწიფოს. ეს საკითხი დიდი ხნის წინ დასრულდა. მთელ მსოფლიოში განხილულია, ვინ იყო აგრესორი 1992 და 2008 წლის ომებში. დამნაშავე, ოკუპანტი და ეთნიკური წმენდის განმახორციელებელი არის რუსეთის ფედერაცია. ქართველი ხალხისა და კაცობრიობის წინაშე ჩადენილ დანაშაულებზე პასუხისმგებელი რუსეთია და ამას ვერანაირი პროპაგანდა ვერ შეცვლის.

ეს არის მწარე სიმართლე, რაც ვიცი, რადგან ტყვეების გაცვლით ვიყავი დაკავებული. შემდეგ მდგომარეობა გამოსწორდა, რადგან რომ არ გამოსწორებულიყო, 200 დატყვევებული ქართველის გამოხსნა ვერ მოხერხდებოდა. ჩვენც უნდა გადაგვეცა სეპარატისტული მხარისთვის ტყვეები, რათა მათაც დაებრუნებინათ ჩვენი მოქალაქეები. სწორედ დისციპლინისა და ორგანიზებულობის გაუმჯობესების შედეგად შევძელით ამ ადამიანების სიცოცხლის გადარჩენა“, – განაცხადა გიორგი ბარამიძემ.

ცნობისთვის, გიორგი ბარამიძის მიერ რამდენიმე დღის წინ იაგო ხვიჩიასთვის მიცემულ ინტერვიუში გაკეთებულ ამ განცხადებას „ქართული ოცნების“ წარმომადგენლების მხრიდან მწვავე კრიტიკა მოჰყვა. ხელისუფლების წარმომადგენლები მიიჩნევენ, რომ აღნიშნული განცხადებით შესაბამისი საგამოძიებო უწყებები უნდა დაინტერესდნენ.