„ლელო – ძლიერი საქართველოს“ ერთ-ერთმა ლიდერმა, თაზო დათუნაშვილმა, მუხათგვერდის ძმათა სასაფლაოზე 2008 წლის აგვისტოს ომში დაღუპულთა ხსოვნას პატივი მიაგო და განაცხადა, რომ რუსეთი საქართველოს მტერია.

მისი თქმით, აგვისტოს ომიდან 18 წლისთავზე საქართველოს ჰყავს ხელისუფლება, რომელიც „რუსეთის იმპერიის პროპაგანდისტული ტერმინებით“ საქართველოს მოქალაქეებს ციხით ემუქრება.

„ხალხს სძულს ის, ვინც დახოცა ეს ბიჭები და მშვიდობიანი მოსახლეობა. სძულს ის, ვინც 200 წელზე მეტია საქართველოს მონობაში აცხოვრებდა, ხოცავდა და გენოციდს უწყობდა ქართველებს, მათ შორის  2008 წელს. ასეთი მასშტაბის ღალატი ამ ქვეყნის ისტორიაში ბევრჯერ არ განმეორებულა. ჩვენ ვცხოვრობთ ღალატის ეპოქაში, როდესაც პრემიერ-მინისტრი საქართველოს მოქალაქეებს ციხით დასჯით ემუქრება იმისთვის, რომ მათ საქართველოს მტერი არ უყვარდეთ.

საქართველოს მტერი არ უნდა გიყვარდეთ. საქართველოს მტერი არის მტერი და რუსეთი მტერია. სწორედ რუსეთის გამო დგას ეს მემორიალი, სწორედ მის გამო შეწყდა სამშობლოსთვის თავდადებული 20-25 წლის საუკეთესო ქართველების სიცოცხლე.

ეს არის მეხსიერებისა და ხსოვნის დღე. ამ დიდი ტრაგედიის პარალელურად, ეს არის უდიდესი ერთობის დღე . დღე, როდესაც ვიაზრებთ, რომ 21-ე საუკუნეშიც და ყველა ეპოქაში გვაქვს გენეტიკური კოდი, რომლის მიხედვითაც ქართული სისხლი ქართული მიწისთვის იღვრება. ჩვენ არ გადავჯიშებულვართ და ქართველები ყოველთვის საკუთარი მიწის დასაცავად დაიღვრიან სისხლს. ასე იქნება მანამ, სანამ საქართველოს ტერიტორიული მთლიანობა არ აღდგება. ჩვენ მტერს ამ ტერიტორიაზე არ გავახარებთ, რაც არ უნდა უნდოდეს საქართველოს პრემიერ-მინისტრს და რაც არ უნდა ციხით ემუქრებოდეს საქართველოს პატრიოტებს“, – განაცხადა დათუნაშვილმა.

მისი შეფასებით, რუსეთი საქართველოს მტერია და ასე იყო ყოველთვის.

„ირაკლი კობახიძის პოზიცია, რომ ადამიანები რუსოფობიის გამო უნდა დაისაჯონ, სამშობლოს მოღალატის პოზიციაა. „რუსოფობია“ რუსული იმპერიალისტური ტერმინია. დღეს აღმოჩნდა, რომ საქართველოს ჰყავს პრემიერ-მინისტრი, რომელიც ამ ტერმინს იყენებს და ეს საკითხი სახელმწიფო პოლიტიკის დონეზე აიყვანა, რაც ბოროტება და მავნებლობაა“, – განაცხადა თაზო დათუნაშვილმა.

2008 წლის რუსეთ-საქართველოს ომიდან დღეს 18 წელი გავიდა.