„საქართველო აბსოლუტურად მშვიდი ქვეყანაა, ჩვენ სტუმართმოყვარე ხალხი ვართ და ყველას, რუსს, ყაზახს, უკრაინელს, შვეიცარიელს, იტალიელს, ამერიკელს, შეუძლია ჩამოვიდეს ჩვენს ქვეყანაში, დახარჯოს ფული და ბიზნესსაქმიანობა აწარმოოს. მთავარია, ყველაფერი კანონის ფარგლებში გაკეთდეს“, – ასე გამოეხმაურა თბილისის მერი, კახა კალაძე, სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურში საბოტაჟის მუხლით გამოძიების დაწყებასთან დაკავშირებულ ინფორმაციას, რომლის მიხედვითაც, „საქართველოში უარყოფითი გარემოა რუსი ტურისტებისთვის“.
კალაძის განცხადებით, მსგავსი ტიპის ინფორმაციის გავრცელება ქვეყნის წინააღმდეგ მიმართული ქმედებაა.
„იმ ტიპის განცხადებები, რომლებიც სოციალურ ქსელებში გავრცელდა და რომლებიც, როგორც ვნახე, ბოტების მიერ იყო შექმნილი, შემდეგ კი ერთ-ერთმა მრავალმილიონიანმა სააგენტომ მიზანმიმართულად გაავრცელა, კეთდება იმისთვის, რომ რუსულენოვანი და არა მხოლოდ რუსულენოვანი ადამიანები დაარწმუნონ, თითქოს საქართველოში ჩამოსვლა სახიფათოა.
ჩვენ ვიცით, რატომ კეთდება ეს ყველაფერი, ქვეყანას ებრძვიან, რათა ეკონომიკურად არ განვითარდეს. ყველაფერს აკეთებენ იმისთვის, რომ ქვეყანა როგორმე დააზიანონ. თუ ტურისტი საქართველოში არ ჩამოვა, ფულს არ დახარჯავს, კაფეში და ბარში არ შევა, ამით ვინ დაზარალდება? ისევ ქართველი ხალხი და ჩვენი ეკონომიკა.
სწორედ ამისკენ არის მიმართული ის, რასაც ბოლო თვეებისა და წლების განმავლობაში ვხედავთ და ვისმენთ. პირიქით, საქართველო უსაფრთხო ქვეყანაა , ეს რეალობაა. ნებისმიერ ადამიანს, ნებისმიერ დროს და ნებისმიერ უბანში შეუძლია თავისუფლად გადაადგილება, არავინ არავის ერჩის. ნახეთ, რა მდგომარეობაა დიდ ევროპულ ქალაქებში და რა გამოწვევების წინაშე დგანან ისინი.
საქართველო აბსოლუტურად მშვიდი ქვეყანაა, სტუმართმოყვარე ხალხი ვართ და ყველას , რუსს, ყაზახს, უკრაინელს, შვეიცარიელს, იტალიელს, ამერიკელს , შეუძლია ჩამოვიდეს ჩვენს ქვეყანაში, დახარჯოს ფული და ბიზნესსაქმიანობა აწარმოოს. არავინ არის შეზღუდული, მთავარია, ყველაფერი კანონის ჩარჩოებში გაკეთდეს“, -განაცხადა კახა კალაძემ.
ცნობისთვის, სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის სახელმწიფო უსაფრთხოების დეპარტამენტმა, საქართველოს სახელმწიფო ინტერესების საზიანოდ უცხო ქვეყნიდან მართულ და საქართველოდან მხარდაჭერილ დისკრედიტაციულ საინფორმაციო კამპანიასთან დაკავშირებით, საბოტაჟის მუხლით გამოძიება დაიწყო.
სუს-ის ინფორმაციით, საქმე ეხება სხვადასხვა სოციალურ პლატფორმაზე უცხო ქვეყანაში რეგისტრირებული და მართული ყალბი ე.წ. ბოტ-ანგარიშების გამოყენებით საქართველოს ინტერესების წინააღმდეგ დისკრედიტაციული შინაარსის მქონე ინფორმაციის მიზანმიმართულ გავრცელებას, რაც, უწყების განცხადებით, საქართველოს ეკონომიკური ინტერესების დაზიანებას ემსახურება.
სუს-ის განმარტებით, კამპანიის მიზანი იყო დეზინფორმაციის გავრცელებით შეექმნათ ყალბი აღქმა, თითქოს საქართველოში რუსეთის ფედერაციიდან ჩამოსული ტურისტებისთვის არასასურველი გარემოა შექმნილი.