„ერთიანი ნაციონალური მოძრაობა“ გიორგი ბარამიძის მიერ გაკეთებულ განცხადებაზე დაწყებულ გამოძიებასთან დაკავშირებით განცხადებას ავრცელებს და აცხადებს, რომ საქმე პოლიტიკურად მოტივირებულია.
პარტიაში მიიჩნევენ, რომ საქმე „ივანიშვილის რეჟიმის პოლიტიკური მიზნებისა და რუსული პროპაგანდის ამოცანებს ემსახურება“.
„ნაციონალური მოძრაობა“ დარწმუნებულია, რომ ეს ცილისმწამებლური და აბსურდული საქმე არა სამართლებრივ საფუძველზე, არამედ ივანიშვილის რეჟიმის პოლიტიკური მიზნებისა და რუსული პროპაგანდის ამოცანებისთვის არის შექმნილი.
გიორგი ბარამიძის წინააღმდეგ დღეს დაწყებული სისხლის სამართლის საქმე კიდევ ერთი მაგალითია იმისა, რომ ხელისუფლებამ პროკურატურა საბოლოოდ გადააქცია პოლიტიკური ანგარიშსწორებისა და რუსული პოლიტიკური პროპაგანდის ინსტრუმენტად.
გიორგი ბარამიძე მთელი თავისი ცხოვრების განმავლობაში იბრძოდა საქართველოს დამოუკიდებლობის, ტერიტორიული მთლიანობისა და თავისუფლებისთვის, მათ შორის, იარაღით ხელში, როგორც რიგითი ჯარისკაცი აფხაზეთსა და უკრაინაში.
სწორედ ის ადამიანები, რომლებიც დღეს მას პატრიოტიზმს უწუნებენ, წლების განმავლობაში ამართლებდნენ რუსეთის ინტერესებს, აზიანებდნენ საქართველოს საერთაშორისო პოზიციებს და ქვეყანას ევროპული გზიდან აშორებდნენ. გავიხსენოთ თუნდაც ბიძინა ივანიშვილისა და მისი წარმომადგენლების მიერ გაკეთებული საჯარო განცხადებები აფხაზებისთვის საჯარო ბოდიშის მოხდასთან დაკავშირებით.
რა სიმბოლურია, რომ დღეს, რუსეთის ფართომასშტაბიანი აგრესიის დაწყების დღეს, დევნა დაიწყეს იმ ადამიანის წინააღმდეგ, რომელსაც რუსეთმა უკრაინაში რუსეთის აგრესიის წინააღმდეგ ბრძოლის გამო 6 წლითა და 6 თვით თავისუფლების აღკვეთა მიუსაჯა.
როდესაც კრემლი გიორგი ბარამიძეს საკუთარ მტრად აცხადებს და სჯის, „ქართული ოცნების“ ხელისუფლება იმავე ადამიანს სამშობლოს ღალატს ედავება.
პატრიოტიზმს არც კრემლი განსაზღვრავს და არც „ქართული ოცნების“ პროკურატურა და პროპაგანდა. საქართველოს ინტერესების სამსახური დანაშაული არ არის, ხოლო პოლიტიკური ოპონენტების სისხლისსამართლებრივი დევნა ამ სიმართლეს ვერ შეცვლის.
ჩვენ დარწმუნებული ვართ, რომ ეს ცილისმწამებლური და აბსურდული საქმე არა სამართლებრივ საფუძველზე, არამედ ივანიშვილის რეჟიმის პოლიტიკური მიზნებისა და რუსული პროპაგანდის ამოცანების შესაბამისად არის დაწყებული. ეს შეთითხნილი საქმე კიდევ ერთი დასტურია ამ რეჟიმის რუსული ბუნების.
„ერთიანი ნაციონალური მოძრაობა“ გიორგი ბარამიძის მიმართ დაწყებულ დევნას პოლიტიკურად მოტივირებულად მიიჩნევს და მის წინააღმდეგ მიმართულ ნებისმიერ უკანონო ნაბიჯს სამართლებრივი და პოლიტიკური გზით დაუპირისპირდება“, – აღნიშნულია პარტიის განცხადებაში.
ცნობისთვის, საქართველოს გენერალურმა პროკურატურამ სამშობლოს ღალატისა და საბოტაჟის ფაქტზე გამოძიება დაიწყო.
საქმე ეხება „ერთიანი ნაციონალური მოძრაობის“ ერთ-ერთი ლიდერის, გიორგი ბარამიძის მიერ იაგო ხვიჩიასთვის მიცემულ ინტერვიუში გაკეთებულ განცხადებას, სადაც მან აფხაზეთის ომის პერიოდზე საუბრისას აღნიშნა, რომ „ჩვენ ტყვეები არ გვყავდა, ჩვენებს ტყვეები არ აჰყავდათ, ჩვენები ხვრეტდნენ“.
მოგვიანებით, ბარამიძემ განცხადება განმარტა და აღნიშნა, რომ საუბარი ომის პირველ პერიოდს შეეხებოდა, ხოლო მოგვიანებით, მისი ჩასვლის შემდეგ, მდგომარეობა შეიცვალა და სწორედ ამის შედეგად გახდა შესაძლებელი სეპარატისტულ მხარესთან ქართველი 200 ტყვეების გაცვლა.