„გიორგი ბარამიძეს რომ დანაშაული არ ჩაუდენია, ამას მტკიცება არ სჭირდება. ჩემი აზრით, ენამ გაუსწრო აზრს და ეს კარგი არ არის, თუმცა ღალატი და დანაშაული სხვა კატეგორიებია“, – ასე გამოეხმაურა „კოალიცია ცვლილებებისთვის“ ერთ-ერთი ლიდერი, ნიკა გვარამია, გენერალური პროკურატურის გადაწყვეტილებას, გიორგი ბარამიძის განცხადებასთან დაკავშირებით სამშობლოს ღალატისა და საბოტაჟის მუხლებით გამოძიების დაწყების შესახებ.

გვარამიას განცხადებით, გიორგი ბარამიძის პატრიოტიზმი ეჭვს არ იწვევს.

„პროკურატურა რომ პოლიტიკურ დევნას ახორციელებს, ამასაც არ სჭირდება მტკიცება. ის, რომ გიორგი ბარამიძეს დანაშაული არ ჩაუდენია, არც ამას სჭირდება მტკიცება.

რაც ითქვა, სიმართლეს არ შეესაბამება… არ ვიცი, საიდან მოვიდა ეს ამბავი. ჩემი აზრით, ენამ გაუსწრო აზრს და ეს კარგი არ არის, თუმცა ღალატი და დანაშაული სხვა კატეგორიებია და ასე არ ხდება.

გიორგი ბარამიძეს პირადად ვიცნობ, ვიცი მისი ბიოგრაფია და ის, რომ სამშობლოს ინტერესებისთვის იბრძვის. შემიძლია ვთქვა, რომ თუ რაიმეში არ მეპარება ეჭვი, ეს მისი პატრიოტიზმია“, – განაცხადა ნიკა გვარამიამ.

ცნობისთვის, საქართველოს გენერალურმა პროკურატურამ გიორგი ბარამიძის განცხადებასთან დაკავშირებით სამშობლოს ღალატისა და საბოტაჟის ფაქტზე გამოძიება დაიწყო.

საქმე ეხება „ერთიანი ნაციონალური მოძრაობის“ ერთ-ერთი ლიდერის, გიორგი ბარამიძის მიერ იაგო ხვიჩიასთვის მიცემულ ინტერვიუში გაკეთებულ განცხადებას, სადაც ის აფხაზეთის ომის პერიოდზე საუბრისას ამბობს, რომ „ჩვენ ტყვეები არ გვყავდა, ჩვენებს ტყვეები არ აჰყავდათ, ჩვენები ხვრეტდნენ“.

მოგვიანებით, ბარამიძემ აღნიშნული განცხადება განმარტა და განაცხადა, რომ საუბარი ომის პირველ პერიოდს შეეხებოდა, ხოლო მოგვიანებით, მისი ჩასვლის შემდეგ, მდგომარეობა შეიცვალა და სწორედ ამის შედეგად გახდა შესაძლებელი სეპარატისტულ მხარესთან ქართველი 200 ტყვეს გაცვლა.