„დემოკრატიის კვლევის ინსტიტუტის“ ინფორმაციით, ოკუპირებულ აფხაზეთში საწვავის მწვავე დეფიციტია   სოხუმსა და სხვა ქალაქებში მოსახლეობა და ტურისტები საწვავის ჩასასხმელად საათობით ელოდებიან.

ორგანიზაციის განცხადებით, არსებული ვითარება კიდევ ერთხელ აჩვენებს, რამდენად მძიმე გავლენას ახდენს რუსეთის შიდა ეკონომიკური და ლოგისტიკური პრობლემები ოკუპირებულ რეგიონზე.

„ოკუპირებულ აფხაზეთში აგვისტო საწვავის მწვავე დეფიციტითა და მრავალსაათიანი რიგებით დაიწყო. სოხუმსა და სხვა ქალაქებში მოსახლეობა და ტურისტები საათობით ელოდებიან საწვავის ჩასხმას, მაშინ როდესაც კერძო ბენზინგასამართ სადგურებზე ფასები მკვეთრად გაიზარდა და მოსახლეობის დიდი ნაწილისთვის საწვავი პრაქტიკულად მიუწვდომელი გახდა.

არსებული ვითარება კიდევ ერთხელ აჩვენებს, რამდენად მჭიდროდ არის აფხაზეთის ეკონომიკა დამოკიდებული რუსეთზე და რამდენად მძიმედ აისახება რუსეთის შიდა ეკონომიკური და ლოგისტიკური პრობლემები ოკუპირებულ რეგიონზე.

რუსეთის მიერ უკრაინის წინააღმდეგ დაწყებული სრულმასშტაბიანი ომის შემდეგ, დასავლეთის სანქციებმა, უკრაინის მიერ ნავთობგადამამუშავებელ ქარხნებსა და ლოგისტიკურ ცენტრებზე განხორციელებულმა დრონებით შეტევებმა საწვავის ბაზარზე დეფიციტი და ფასების ზრდა გამოიწვია. ამ პირობებში განსაკუთრებით მოწყვლადი აღმოჩნდა ოკუპირებული აფხაზეთი, რომელიც მთლიანად რუსულ საწვავის მიწოდებაზეა დამოკიდებული.

დღეს „როსნეფტის“ ავტოგასამართ სადგურებზე საწვავი შედარებით იაფია, რის გამოც იქ კილომეტრიანი რიგებია. ამასთან, თითო ავტომობილზე მხოლოდ 20 ლიტრის ჩასხმის შეზღუდვა მოქმედებს. კერძო სადგურებზე კი საწვავი გაცილებით ძვირია და მისი ფასი 100 რუბლს აღწევს, რის გამოც მოსახლეობის მნიშვნელოვანი ნაწილი იძულებულია, საათობით ელოდოს რიგში.

მიუხედავად იმისა, რომ დე ფაქტო ხელისუფლება დამატებითი საწვავის პარტიების შემოტანის შესახებ ავრცელებს ინფორმაციას, არსებული მოცულობები ტურისტული სეზონის პირობებში კრიზისის დასაძლევად საკმარისი არ აღმოჩნდა.

საწვავის კრიზისი კიდევ ერთხელ უსვამს ხაზს, რომ რუსეთის მიერ ოკუპირებული აფხაზეთის ეკონომიკური დამოკიდებულება რეგიონს განსაკუთრებით დაუცველს ხდის. რუსეთის ეკონომიკაზე მოქმედი გამოწვევები, მათ შორის უკრაინის წინააღმდეგ მიმდინარე ომის შედეგად წარმოქმნილი პრობლემები, პირდაპირ აისახება აფხაზეთის მოსახლეობის ყოველდღიურ ცხოვრებაზე, რაც გამოიხატება საწვავის დეფიციტში, ფასების ზრდასა და სოციალური მდგომარეობის გაუარესებაში“, – აღნიშნულია ინფორმაციაში.