18 წელი გავიდა აგვისტოს ომიდან. საქართველოს პრემიერ-მინისტრის, ირაკლი კობახიძის განცხადებით, ომის მძიმე დღეები საზოგადოებას დღემდე ემოციურად ახსოვს და ქვეყნის ვალია, პატივი მიაგოს დაღუპული გმირების ხსოვნას.
როგორც მთავრობის მეთაურმა ჟურნალისტებს მუხათგვერდში განუცხადა, აგვისტოს ომის გმირების პატრიოტიზმი სამაგალითოა და მათი მაგალითი მომავალი თაობებისთვის განმსაზღვრელი უნდა იყოს.
„18 წელი გავიდა აგვისტოს ომის შემდეგ, თუმცა დღესაც ყველას გვახსოვს, მათ შორის ემოციურად, ის უმძიმესი დღეები და ჩვენი ვალია, პატივი მივაგოთ აგვისტოს ომში დაღუპული გმირების ხსოვნას. მათი მაგალითი უნდა იყოს განმსაზღვრელი თაობებისთვის, მათი პატრიოტიზმი არის სამაგალითო და რა თქმა უნდა, ჩვენ გვეკისრება ვალი ამ გმირების წინაშე, ყველაფერი გავაკეთოთ მშვიდობიანი გზით საქართველოს ტერიტორიული მთლიანობის აღსადგენად, მათი ოცნების ასახდენად“, – განაცხადა ირაკლი კობახიძემ.
პრემიერ-მინისტრმა ასევე ისაუბრა ეროვნული გმირის, გიორგი ანწუხელიძის შესახებ და ყოფილი პრეზიდენტის, მიხეილ სააკაშვილის განცხადებებს გამოეხმაურა.
„ანწუხელიძე არის გმირი, რომელმაც თავი დადო საკუთარი სამშობლოსთვის. მოგვიანებით გამოვიდა სააკაშვილი და თავის თავზე დაიბრალა ანწუხელიძის გმირობა. სამარცხვინო სიტყვები თქვა, სააკაშვილმა თქვა, რომ სააკაშვილისთვის შეგინებას თუ რაღაც ამგვარს სთხოვდნენ. დროშაზე იყო საუბარი და სააკაშვილმა, ამ სამარცხვინო ბინძურმა უცხოელმა აგენტმა თავის თავზე მიიწერა. ანწუხელიძე რა თქმა უნდა, არის ეროვნული გმირი, მაგრამ ეს ვერავითარ შემთხვევაში ვერ გადაფარავს იმ ღალატს, რომელიც ჩაიდინა სააკაშვილმა. რატომ გინდათ, რომ ანწუხელიძის გმირობა გამოიყენოთ თქვენი პარტიის ლიდერის ჩადენილი ღალატის გადასაფარად. ვერ გადაფარავთ, იმიტომ, რომ ანწუხელიძის გმირობა არის გმირობა საკუთარი სამშობლოსთვის”, – განაცხადა პრემიერმა.