რუსეთის საგარეო საქმეთა სამინისტრო 2008 წლის აგვისტოს ომთან დაკავშირებით განცხადებას ავრცელებს, რომელშიც აღნიშნულია, რომ საქართველოს ხელმძღვანელობის მხრიდან აფხაზებთან და სამხრეთ ოსებთან შერიგების აუცილებლობაზე განცხადებები ფიქსირდება.

„დღეს, სამხრეთ კავკასიაში მომხდარი ტრაგიკული მოვლენებიდან 18 წელი შესრულდა. 2008 წლის 7-8 აგვისტოს ღამეს, სააკაშვილის რეჟიმმა საქართველო-სამხრეთ ოსეთის კონფლიქტის მშვიდობიანი მოგვარების შესახებ ყველა საერთაშორისო შეთანხმების დარღვევით, სამხრეთ ოსეთის წინააღმდეგ ვერაგული აგრესია განახორციელა, რასაც მშვიდობიან მოსახლეობასა და რუს მშვიდობისმყოფელებს შორის მრავალრიცხოვანი მსხვერპლი მოჰყვა. ქართული თავდასხმის არაპროვოცირებული ხასიათი მოგვიანებით ოფიციალურად დადასტურდა, კერძოდ, ევროკავშირის ეგიდით შექმნილი შვეიცარიელი დიპლომატის ტალიავინის ხელმძღვანელობით საქართველოში კონფლიქტის ფაქტების დამდგენი დამოუკიდებელი საერთაშორისო მისიის ანგარიშში“, – ნათქვამია რუსეთის საგარეო უწყების განცხადებაში.

რუსეთის საგარეო საქმეთა სამინისტროს განცხადებით, მოსკოვი მხარეებს შორის მოლაპარაკებების პროცესის მხარდაჭერისთვის მზადყოფნას გამოთქვამს.

„რუსული მხარე მზად არის მხარეებს შორის მოლაპარაკებების პროცესს ყოვლისმომცველი დახმარება გაუწიოს და ხელი შეუწყოს ნდობის განმტკიცებას“, – აცხადებს რუსეთის საგარეო უწყება.

რუსეთის საგარეო საქმეთა სამინისტრო ასევე აცხადებს, რომ მოსკოვი 2008 წლის აგვისტოს მოვლენების გადახედვის მცდელობებს აფიქსირებს.

„მოსკოვი აღნიშნავს ქართულ საზოგადოებაში 2008 წლის აგვისტოს მოვლენების გადახედვის მცდელობებს. ამასთან, შეიარაღებული კონფლიქტის გაჩაღებაზე სააკაშვილის რეჟიმის სრული პასუხისმგებლობის აღიარება გამართლებულია. ფიქსირდება საქართველოს ხელმძღვანელობის განცხადებები აფხაზებთან და სამხრეთ ოსებთან შერიგების აუცილებლობასთან დაკავშირებით, რაც იმის იმედს იძლევა, რომ მიდგომის აღნიშნული ტრანსფორმაცია მხოლოდ განცხადებების დონეზე არ დარჩება და აფხაზეთთან და სამხრეთ ოსეთთან ურთიერთობების მოგვარების მიზნით კონკრეტული პრაქტიკული ქმედებებით გამყარდება“, – აცხადებს რუსეთის საგარეო უწყება.

რუსეთის საგარეო უწყება ასევე აცხადებს, რომ კიევი, დასავლეთი და ქართველი რადიკალები საქართველოს სამხრეთ კავკასიაში ახალ სამხედრო კონფლიქტში ჩართვას ცდილობენ.

„რუსული მხარე მოუწოდებს ყველა მონაწილეს, განსაკუთრებული ყურადღება მიაქციონ სამხრეთ კავკასიაში უსაფრთხოებისა და სტაბილურობის შესახებ საერთაშორისო დისკუსიების პრიორიტეტულ ამოცანას – აფხაზეთისა და სამხრეთ ოსეთის მყარი უსაფრთხოების უზრუნველყოფას და ელის პრაქტიკული ძალისხმევის რაც შეიძლება სწრაფად დაწყებას ძალის გამოუყენებლობის შესახებ შეთანხმების შემუშავებისა და ხელმოწერის მიმართულებით, ერთი მხრივ, თბილისსა და მეორე მხრივ, სოხუმსა და ცხინვალს შორის. მსგავსი სამართლებრივი ვალდებულებების აღება 2008 წლის აგვისტოს ტრაგიკული მოვლენების განმეორებისგან დაცვის საიმედო გარანტიას წარმოადგენს“, – აცხადებს რუსეთის საგარეო უწყება.

რუსეთის საგარეო საქმეთა სამინისტროს განცხადებით, რეგიონში ვითარების სტაბილიზაციას ხელს შეუწყობს საქართველო-აფხაზეთისა და საქართველო-სამხრეთ ოსეთის სახელმწიფო საზღვრების დელიმიტაციისა და შემდგომი დემარკაციის პროცესის დაწყება.

„სასაზღვრო რაიონებში ვითარების სტაბილიზაციაში რეალური წვლილი უნდა შეიტანოს საქართველო-სამხრეთ ოსეთის და საქართველო-აფხაზეთის სახელმწიფო საზღვრების დელიმიტაციის პროცესის დაწყებამ და შემდგომმა დემარკაციამ“, – აცხადებს რუსეთის საგარეო უწყება.

„აღნიშნული ამოცანა განსაკუთრებულ მნიშვნელობას იძენს დასავლეთის, კიევის ნაცისტური რეჟიმისა და ქართული რადიკალური პოლიტიკური ძალების მცდელობების ფონზე, თბილისი სამხრეთ კავკასიაში ახალ სისხლიან ავანტიურებში ჩაითრიონ“, – ნათქვამია რუსეთის საგარეო უწყების განცხადებაში.