ქვეყნის ტერიტორიაზე ვირტუალური აქტივის მომსახურების პროვაიდერის (VASP) საქმიანობა მკაცრად რეგულირებულ სფეროს წარმოადგენს. საქართველოს ეროვნული ბანკი განმარტავს, რომ ამ ტიპის საქმიანობის განმახორციელებელი ნებისმიერი პირისთვის სავალდებულოა სებ-ში რეგისტრაცია.

ეროვნული ბანკის ინფორმაციით, აშშ-ის სახაზინო დეპარტამენტის უცხოური აქტივების კონტროლის ოფისის (OFAC) მიერ სანქცირებულ შპს „შელბითს“ (SHPS SHELBIT) ვირტუალური აქტივის მომსახურების პროვაიდერად რეგისტრაციის თაობაზე სებ-ისთვის არ მიუმართავს. შესაბამისად, კომპანია ეროვნული ბანკის მიერ რეგულირებულ სუბიექტს არ წარმოადგენს.

„ხაზგასმით აღვნიშნავთ, რომ აშშ-ის სახაზინო დეპარტამენტის უცხოური აქტივების კონტროლის ოფისის (OFAC) მიერ სანქცირებულ სუბიექტს – შპს „შელბითს“ (SHPS SHELBIT) – ვირტუალური აქტივის მომსახურების პროვაიდერად რეგისტრაციის თაობაზე საქართველოს ეროვნული ბანკისთვის არ მოუმართავს და, შესაბამისად, ის არ წარმოადგენს სებ-ის მიერ რეგულირებულ სუბიექტს. ამასთან, სამეწარმეო რეესტრის მონაცემების თანახმად, აღნიშნულ კომპანიას გაუქმებული აქვს რეგისტრაცია. კიდევ ერთხელ ხაზგასმით აღვნიშნავთ, რომ საქართველოს ეროვნული ბანკის მარეგულირებელი ჩარჩო აწესებს ბაზარზე შესვლისა და ოპერირების მკაცრ მოთხოვნებს და წარმოადგენს მნიშვნელოვან ფილტრს უკანონო საქმიანობასთან დაკავშირებული სუბიექტებისთვის.

ამასთან, ეროვნული ბანკის მიერ შემუშავებული ვირტუალური აქტივის სერვისის პროვაიდერების მარეგულირებელი ჩარჩო შესაბამისობაშია ფულის გათეთრების წინააღმდეგ მებრძოლი სპეციალურ ქმედებათა საერთაშორისო ჯგუფის (FATF) სტანდარტებსა და საუკეთესო საერთაშორისო პრაქტიკასთან, რასაც ადასტურებს ევროპის საბჭოს ექსპერტთა კომიტეტის (Moneyval) 2024 წლის შეფასება. შეფასების თანახმად, მე-15 რეკომენდაციასთან მიმართებით (რომელიც ითვალისწინებს ახალი ტექნოლოგიების დანერგვის მოთხოვნებთან შესაბამისობას და ვირტუალური აქტივების პროვაიდერების (VASP) საქმიანობის რეგულირებას) საქართველოს რეიტინგი შეადგენს „მნიშვნელოვნად შესაბამისს“ (largely compliant). აღნიშნულ რეკომენდაციასთან მიმართებით ანალოგიური შეფასება აქვთ, მაგალითად, დიდ ბრიტანეთსა და საფრანგეთს“, – ნათქვამია გავრცელებულ ინფორმაციაში.