ისრაელის პრემიერ-მინისტრმა ბენიამინ ნეთანიაჰუმ უარყო აშშ-ის პრეზიდენტ დონალდ ტრამპის 15-პუნქტიანი გეგმა ღაზასთან დაკავშირებით და განაცხადა, რომ ძალებს არ გაიყვანს მანამ, სანამ „ჰამასი“ ნამდვილად არ განიარაღდება.
„ისრაელი უარყოფს 15-პუნქტიან დოკუმენტს. ისრაელის თავდაცვის ძალები არ განახორციელებს რაიმე სახის გასვლას მანამ, სანამ „ჰამასი“ ნამდვილად არ განიარაღდება და გააგრძელებენ ჩვენი ძალებისა და ჩვენი მოქალაქეების წინააღმდეგ მუქარის ჩახშობას“, – განაცხადა ნეთანიაჰუმ.
„ჰამასის“ წარმომადგენელმა BBC-ს განუცხადა, რომ ისინი „კიდევ ერთხელ ადასტურებენ თავიანთ ერთგულებას“ შეთანხმების მიმართ და მზად არიან „სერიოზულად და პასუხისმგებლობით ჩაერთონ“ 15-პუნქტიანი გეგმის განხორციელებაში. მათ მოუწოდეს შუამავლებს, უზრუნველყონ, რომ „ყველა მხარემ შეასრულოს შეთანხმებული პირობები“.
ცნობისთვის, აშშ-ის პრეზიდენტ დონალდ ტრამპის „მშვიდობის საბჭომ“ გასულ თვეში განაცხადა, რომ მიაღწიეს შეთანხმებას „ჰამასის“ და ღაზაში მოქმედი სხვა შეიარაღებული დაჯგუფებების სრული განიარაღების შესახებ. თუმცა, „ჰამასმა“ განაცხადა, რომ მისი მძიმე შეიარაღების გადაცემა დამოკიდებულია ისრაელის მიერ აგრესიის ყველა ფორმის შეწყვეტასა და საკუთარი ძალების ღაზადან გაყვანაზე.