რუსეთი შემოდგომაზე მობილიზაციას ამზადებს, – ამის შესახებ უკრაინის პრეზიდენტმა, ვოლოდიმირ ზელენსკიმ ვიდეომიმართვაში განაცხადა.

მისი თქმით, უკრაინის თავდაცვის სამინისტროს დაზვერვის მთავარი სამმართველოს ხელმძღვანელის, ოლეგ ივაშჩენკოს ანგარიში რუსეთის მიერ მობილიზაციის მომზადებას ადასტურებს.

„იყო თავდაცვის სამინისტროს დაზვერვის მთავარი სამმართველოს – ოლეგ ივაშჩენკოს – ანგარიში რუსული მობილიზაციის მომზადების თაობაზე. ყველაფერი დასტურდება შიდა რუსული დოკუმენტებით – ისინი მას შემოდგომისთვის ამზადებენ, ზუსტად საპარლამენტო არჩევნების იმიტაციის შემდეგ.

პუტინს არც თუ ისე რთული გეგმა აქვს: ილუზიის შექმნა სურს, თითქოს რუსები მხარს უჭერენ ომს – ვინაიდან ყველა პარტია, რომელიც ჯერ დაშვებულია, ასე თუ ისე მშვიდობის წინააღმდეგაა. შემდგომ, ე.წ. არჩევნების შემდეგ, გეგმავს წლის ბოლომდე რამდენიმე ასობით ათასი რუსის სწრაფ მობილიზაციას, პლუს კიდევ მაგდენის შემდეგ წელს“, – განაცხადა ზელენსკიმ.

უკრაინის პრეზიდენტის განცხადებით, რუსეთის საპარლამენტო არჩევნებიდან პარტია „იაბლოკოს“ მოხსნა ასევე მიუთითებს, რომ ვლადიმერ პუტინი უკრაინის წინააღმდეგ ომის დასრულებას არ გეგმავს.

„უკრაინას ომი ნამდვილად არ სჭირდება, თუ პუტინს ომი იმდენად სურს, რომ ახლა თავისი ფსევდოარჩევნებით მორიგ ხმამაღალ პოლიტიკურ მანიპულაციაში ჩაება, და ჩაება ისე, რომ შეეშინდა არჩევნების სიაში იმ ერთადერთი პარტიის დანახვაც, რომელიც რაღაცას მაინც ამბობდა მშვიდობის საჭიროებაზე, – მოხსნა პარტია „იაბლოკო“, – მაშინ მისი პრიორიტეტები სრულიად თვალსაჩინოა“, – განაცხადა ზელენსკიმ.