ქართული საზოგადოება დღეს არა მხოლოდ აფასებს მრავალსაუკუნოვანი ისტორიის, კულტურისა და სახელმწიფოებრივი ტრადიციების მნიშვნელობას, არამედ დავით აღმაშენებლის იდეალების ერთგულებით განაგრძობს ქვეყნის განვითარების გზას, რაც სახელმწიფოს განმტკიცებისა და გაძლიერებისკენ მიმართულ გონივრულ პოლიტიკასა და მტკიცე ნებაში აისახება, – ამის შესახებ საქართველოს თავდაცვის მინისტრმა, ირაკლი ჩიქოვანმა „დიდგორობაზე“ სიტყვით გამოსვლისას განაცხადა.
თავდაცვის მინისტრის განცხადებით, დიდგორი საქართველოსთვის ერთიანობის, სიმამაცისა და გამარჯვების სიმბოლოა და ისტორიული ბრძოლის მაგალითი ქვეყნის განვითარებისთვის მნიშვნელოვან გამოცდილებას წარმოადგენს.
„გილოცავთ დიდგორობის დღესასწაულს, ჩვენი ერის ერთიანობის, სიმამაცისა და ბრწყინვალე გამარჯვების უკვდავ სიმბოლოს. თითოეული ქართველის გულსა და გონებაში ეს არის წმინდა, განსაკუთრებული მოვლენა, რომელიც გვეამაყება, ეროვნულ თვითშეგნებას გვიძლიერებს და მომავლის რწმენას გვიმტკიცებს.
1121 წლის 12 აგვისტოს გამუდმებით არა მხოლოდ რიცხობრივად უპირატეს მტრის დამარცხება მოხდა, არამედ ამ გამარჯვებამ ქვეყნის ერთიანობა განამტკიცა და ძლიერი და განვითარებული ქართული სახელმწიფოს ოქროს ხანას ჩაუყარა საფუძველი. დიდგორის ველზე მოპოვებული „ძლევაი საკვირველი“ თითოეული დიდგორელის შეუპოვრობასთან ერთად, უპირველეს ყოვლისა, დავით მეფის ბრძნული და მრავლისმჭვრეტელი პოლიტიკის შედეგი იყო“, – განაცხადა ირაკლი ჩიქოვანმა.
მისივე თქმით, დავით აღმაშენებელმა ქვეყნის გაერთიანებას სახელმწიფო ინსტიტუტების გაძლიერება, ჯარის რეფორმირება, ეროვნული ერთიანობის განმტკიცება და ეკლესიისა და სახელმწიფოს თანამშრომლობა დაუკავშირა.
„წმინდა მეფე დავითმა თავისი გამორჩეული მხედართმთავრული ნიჭი, სახელმწიფოებრივი ხედვა და შინაგანი სულიერი სიმტკიცე მამულის, ენისა და სარწმუნოების განმტკიცებას მიუძღვნა. სწორედ ამ მძლავრ საფუძვლებზე გახდა შესაძლებელი გამარჯვება, რომელმაც საქართველო განვითარების ახალ ეტაპზე გადაიყვანა“, – აღნიშნა თავდაცვის მინისტრმა.
ირაკლი ჩიქოვანის განცხადებით, საქართველოს საზოგადოება დღესაც დავით აღმაშენებლის იდეალების ერთგულებით აგრძელებს ქვეყნის განვითარების გზას.
„ქართული საზოგადოება დღეს არა მხოლოდ აფასებს მრავალსაუკუნოვანი ისტორიის, კულტურისა და სახელმწიფოებრივი ტრადიციების მნიშვნელობას, არამედ დავით აღმაშენებლის იდეალების ერთგულებით განაგრძობს ქვეყნის განვითარების გზას, რაც სახელმწიფოს განმტკიცებისა და გაძლიერებისკენ მიმართულ გონივრულ პოლიტიკასა და მტკიცე ნებაში აისახება“, – განაცხადა მან.
მისივე თქმით, ქართული ჯარის სულისკვეთება მრავალსაუკუნოვან სამხედრო ტრადიციასა და წინაპართა გმირობას ეფუძნება.
„სწორედ სამშობლოს ერთგულება, ღირსება, პროფესიონალიზმი, პასუხისმგებლობა და თავდადება არის ის ღირებულებები და მემკვიდრეობა, რომელიც დიდგორის ველზე გამარჯვებულმა მებრძოლებმა დაგვიტოვეს და რომლის ერთგულებაც თითოეული ქართველი სამხედრო მოსამსახურისთვის განსაკუთრებული პატივი და პასუხისმგებლობაა“, – აღნიშნა ჩიქოვანმა.
თავდაცვის მინისტრის განცხადებით, საქართველოს ხელისუფლების ძალისხმევა მიმართულია ქვეყნის სუვერენიტეტის გაძლიერების, სახელმწიფო ინსტიტუტების განვითარების, ეროვნული იდენტობის, კულტურისა და ტრადიციული ქრისტიანული ღირებულებების დაცვისკენ.
„დიდგორი გვასწავლის, რომ მაშინ, როცა ერი ერთიანია, სახელმწიფო ინსტიტუტები ძლიერი, ხოლო საზოგადოება საკუთარი ქვეყნისადმი უპირობო ერთგულებით განმსჭვალული, ყველაზე მძიმე გამოწვევებიც კი დაძლევადია.
გილოცავთ დიდგორობის დღესასწაულს! მარადიული ხსოვნა დიდგორის გმირებს! ღმერთი იყოს ჩვენი მფარველი!“ – განაცხადა ირაკლი ჩიქოვანმა.