ისტორია გვასწავლის, რომ დიდი გამარჯვების მისაღწევად აუცილებელია სტრატეგიული მოთმინება, მომავლის ურყევი რწმენა და მუდმივი მზადყოფნა. სიბრძნე და სიფხიზლე უნდა გახდეს ჩვენი ყოველდღიური ცხოვრების წესი და სწორედ ამ წესის შესაბამისად უნდა შეიქმნას, დაიგეგმოს და დაინერგოს თითოეული სახელმწიფო რეფორმა, – ამის შესახებ საქართველოს პრეზიდენტმა, მიხეილ ყაველაშვილმა „დიდგორობაზე“ სიტყვით გამოსვლისას განაცხადა.

მისი თქმით, დიდგორი მხოლოდ სამხედრო გამარჯვების ისტორია არ არის და ის საკუთარი თავისა და ხასიათის სისუსტეების დაძლევის მაგალითსაც წარმოადგენს.

„გილოცავთ დიდგორობას, ჩვენი ეროვნული ღირსების, მხედრული სულისა და სახელმწიფოებრივი სიძლიერის უდიდეს დღესასწაულს.

დიდგორი ჩვენს მეხსიერებაში არ არის მხოლოდ ერთ-ერთი დიადი სამხედრო გამარჯვება, 1121 წლის 12 აგვისტო, გახლავთ ხანგრძლივი მომზადების, უბადლო გონიერებისა და რკინისებური დისციპლინის ლოგიკური დაგვირგვინება.

დიდგორი არ ყოფილა შემთხვევითობა, ეს იყო შორსმჭვრეტელი დაგეგმარებისა და სახელმწიფოებრივი სიბრძნის შედეგი, რომელსაც საფუძველი წლებით ადრე ჩაეყარა.

დიდგორი უპირველესად არის საკუთარი თავისა და ხასიათის სისუსტეების დაძლევა. ეს არის სამაგალითო ნიმუში, თუ როგორ უნდა წარმართოს ღირსეულმა სახელმწიფომ პოლიტიკა და საზოგადოებრივი ცხოვრება ისე, რომ ერმა აჯობოს საკუთარ თავს და მიაღწიოს ისტორიულ წარმატებებს“, – განაცხადა ყაველაშვილმა.

პრეზიდენტის განცხადებით, საქართველოს დღესაც აქვს გზა გასავლელი, რომელიც მუდმივ სიფხიზლეს, შინაგან სიმტკიცესა და პრაგმატულ აზროვნებას მოითხოვს.

„დღესაც, 21-ე საუკუნეში, ჩვენ სწორედ ეს გზა გვაქვს გასავლელი, გზა, რომელიც მოითხოვს მუდმივ სიფხიზლეს, შინაგან სიმტკიცეს და პრაგმატულ აზროვნებას, რათა საქართველო საბოლოოდ გამთლიანდეს, გახდეს ძლიერი და ჭეშმარიტად სუვერენული“, – აღნიშნა მან.

მისივე თქმით, ქვეყნის განვითარებისთვის აუცილებელია ყოველდღიური შრომა და სახელმწიფო რეფორმების დაგეგმვისას სიბრძნისა და სიფხიზლის პრინციპების გათვალისწინება.

„ისტორია გვასწავლის, რომ დიდი გამარჯვების მისაღწევად, აუცილებელია სტრატეგიული მოთმინება, მომავლის ურყევი რწმენა და მუდმივი მზადყოფნა. სიბრძნე და სიფხიზლე, ეს უნდა გახდეს ჩვენი ყოველდღიური ცხოვრების წესი და სწორედ ამ წესის შესაბამისად უნდა შეიქმნას, დაიგეგმოს, დაინერგოს თითოეული სახელმწიფო რეფორმა.

დიდგორამდე სხვანაირად ვერ მივალთ, ჩვენ გვჭირდება ყოველდღიურად ბრძოლა, დაუღალავი შრომა და საკუთარი თავის გამოწრთობა. სულიერი თუ მატერიალური საზრდო არამხოლოდ შედეგის მიღწევაში, არამედ ყოველდღიური ბრძოლისა და მუდმივი განვითარების პროცესში უნდა ვეძიოთ“, – განაცხადა პრეზიდენტმა.

ყაველაშვილმა სიტყვით გამოსვლისას ილია ჭავჭავაძის ცნობილი ფრაზაც გაიხსენა.

„როგორც დიდმა ილიამ დაგვიტოვა ანდერძად: „მოძრაობა და მარტო მოძრაობა, არის, ჩემო თერგო, ქვეყნის ღონისა და სიცოცხლის მიმცემი“.

მჯერა, ჩვენი ერთიანობით, სტრატეგიული სიბრძნითა და შრომით საქართველო აუცილებლად მიაღწევს თავის დიდგორს. გაერთიანებულ, მშვიდობიან და ძლიერ საქართველოს“, – აღნიშნა პრეზიდენტმა.