საჯარო დაწესებულებებში, ასევე საჯარო დაწესებულებების სისტემაში შემავალ საჯარო და კერძო სამართლის იურიდიულ პირებში ანაზღაურებადი სტაჟირების გავლა 2026 წლის 1-ელი ოქტომბრიდან 31 დეკემბრის ჩათვლით იქნება შესაძლებელი.

საქართველოს პრემიერ-მინისტრის შესაბამისი დადგენილება 11 აგვისტოს გამოქვეყნდა.

დადგენილების მიხედვით, ანაზღაურებადი სტაჟირების კონკურსი 2026 წლის 1-ელი სექტემბრიდან გამოცხადდება. სტაჟიორობის მსურველებს განაცხადის წარდგენა 1-ელი სექტემბრიდან 10 სექტემბრის ჩათვლით, მთავრობის ადმინისტრაციის მიერ ადმინისტრირებულ ვებგვერდზე www.vacancy.hr.gov.ge შეეძლებათ.

სტაჟირების გავლა შეეძლება პირს, რომელიც სწავლობს უმაღლესი განათლების პირველ საფეხურზე და დამამთავრებელ სასწავლო წელს გადის, ან სწავლობს მეორე საფეხურზე. ასევე, კონკურსში მონაწილეობა შეეძლებათ პირებს, რომლებმაც უმაღლესი განათლების პირველი ან მეორე საფეხური 2025-2026 სასწავლო წლის გაზაფხულის სემესტრში დაასრულეს.

ანაზღაურებადი სტაჟირების პროგრამა არ გავრცელდება კულტურულ, საგანმანათლებლო, სამეცნიერო, კვლევით, სასპორტო, რელიგიურ და წევრობაზე დაფუძნებულ საჯარო და კერძო სამართლის იურიდიულ პირებზე.

ამასთან, დადგენილების მოქმედება არ ვრცელდება საქართველოს პარლამენტის აპარატზე, საქართველოს პრეზიდენტის ადმინისტრაციაზე, აფხაზეთისა და აჭარის ავტონომიური რესპუბლიკების უმაღლესი წარმომადგენლობითი ორგანოების აპარატებზე, საქართველოს ეროვნული ბანკის აპარატზე, სახელმწიფო აუდიტის სამსახურის აპარატზე, საქართველოს იუსტიციის უმაღლესი საბჭოს აპარატზე, საქართველოს სახალხო დამცველის აპარატზე, საქართველოს ცენტრალური საარჩევნო კომისიის აპარატზე, აფხაზეთისა და აჭარის ავტონომიური რესპუბლიკების უმაღლესი საარჩევნო კომისიების აპარატებზე, საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს აპარატზე და საქართველოს საერთო სასამართლოების სისტემაზე.

სტაჟირების პროგრამა ასევე არ გავრცელდება შინაგან საქმეთა სამინისტროს სისტემაზე, იუსტიციის სამინისტროს გენერალურ ინსპექციაზე, სპეციალურ პენიტენციურ სამსახურზე, აღსრულების ეროვნულ ბიუროზე, დანაშაულის პრევენციის, არასაპატიმრო სასჯელთა აღსრულებისა და პრობაციის ეროვნულ სააგენტოზე, ფინანსთა სამინისტროს საგამოძიებო სამსახურზე, სახელმწიფო დაცვის სპეციალურ სამსახურზე, თავდაცვის სამინისტროს სისტემაზე, დიპლომატიურ სამსახურზე, საქართველოს პროკურატურაზე, ეროვნულ მარეგულირებელ ორგანოზე, სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის სისტემასა და საქართველოს ფინანსური მონიტორინგის სამსახურზე.