აშშ-ის პრეზიდენტის სპეციალურმა წარმომადგენელმა, სტივ უიტკოფმა, ამერიკის მოქალაქის, ყოფილი საზღვაო ქვეითის, რობერტ გილმანის გათავისუფლებისთვის რუსეთის პრეზიდენტს, ვლადიმერ პუტინს, მადლობა გადაუხადა.
„მადლობას ვუხდით პრეზიდენტ პუტინს რობერტის ჰუმანიტარული საფუძვლით შეწყალებისთვის და ამ პროცესში მისი პირადი ჩართულობისთვის“, – დაწერა უიტკოფმა სოციალურ პლატფორმა X-ზე.
მისი თქმით, გილმანის აშშ-ში დაბრუნება ამერიკის პრეზიდენტის, დონალდ ტრამპის „არაჩვეულებრივი ლიდერობისა და ამერიკელების სამშობლოში დაბრუნებისადმი ურყევი ერთგულების“ კიდევ ერთი დასტურია.
უიტკოფის განცხადებით, ტრამპის მითითებით, გილმანის გათავისუფლების უზრუნველსაყოფად მან, სახელმწიფო მდივანმა მარკო რუბიომ, ადამ ბოელერმა, სებასტიან გორკამ და ჯარედ კუშნერმა მჭიდროდ ითანამშრომლეს.
შეგახსენებთ, გუშინ ცნობილი გახდა, რომ რუსეთის ხელისუფლებამ აშშ-ის მოქალაქე რობერტ გილმანი გაათავისუფლა.
„სიამაყით ვაცხადებ, რომ ამერიკის მოქალაქე, რობერტ გილმანი, ყოფილი აშშ-ის საზღვაო ქვეითი, სახლში ბრუნდება! ძალიან გავრცელებულ მედია ისტორიაში – რობერტი რუსეთში 2022 წელს დააპატიმრეს, ბაიდენის ადმინისტრაციის დროს. პრეზიდენტ ვლადიმირ პუტინთან ჩემი საუბრების შემდეგ, რუსეთი მის გათავისუფლებას დათანხმდა, დიდწილად ჰუმანიტარულ საფუძველზე“, – დაწერა ტრამპმა სოციალურ ქსელში.