აშშ-ის პრეზიდენტმა დონალდ ტრამპმა დაადასტურა, რომ გასულ თვეში თურქეთში ნატო-ს სამიტიდან დაბრუნებისას, შესაძლო საფრთხის გამო, თვითმფრინავი ფარულად შეცვალა.

„საიდუმლო სამსახურისა და სამხედროების მითითებებს ვემორჩილები. მათ სურდათ, რომ სხვა რეისით, სხვა თვითმფრინავით გავმგზავრებულიყავი. უბრალოდ, უნდა გავაკეთო ის, რასაც ისინი მეუბნებიან“, – განუცხადა ტრამპმა ჟურნალისტებს.

მანამდე მედიაში გავრცელდა ინფორმაცია, რომ დონალდ ტრამპმა გასულ თვეში თურქეთი საიდუმლო სამხედრო რეისით დატოვა. გავრცელებული ცნობებით, ოპერაციის ფარგლებში უჩვეულო შენიღბვის გეგმა განხორციელდა – ტრამპი ერთი თვითმფრინავიდან მეორეში კვების მომსახურების სატვირთო მანქანის მეშვეობით გადაიყვანეს. მედიის ცნობით, აღნიშნული გადაწყვეტილების მიზეზი ირანის მხრიდან პრეზიდენტის მკვლელობის შესაძლო საფრთხე იყო.

თეთრმა სახლმა იმ პერიოდში განაცხადა, რომ ტრამპი თურქეთიდან, სადაც ის ნატო-ს სამიტს დაესწრო, გაერთიანებულ სამეფოში Air Force One-ით გაემგზავრა. თუმცა, Washington Post-ის ცნობით, თვითმფრინავში ასვლიდან რამდენიმე წუთში ტრამპმა ის ფარულად დატოვა. გამოცემის ინფორმაციით, პრეზიდენტი ბორტიდან კვების მომსახურების სატვირთო მანქანის მეშვეობით ჩამოვიდა და დიდ ბრიტანეთში გასამგზავრებლად სხვა თვითმფრინავში გადავიდა.

Washington Post-ის ინფორმაციით, ტრამპი ანკარაში კამერების წინ Air Force One-ში ჩაჯდა, რის შემდეგაც ის ფარულად გადაიყვანეს აეროპორტის კვების მომსახურების სატვირთო მანქანით უფრო პატარა სამხედრო თვითმფრინავში – C-32A-ში.

აშშ-ის ოფიციალურმა პირებმა CBS News-ს განუცხადეს, რომ აშშ-მა ირანის მხრიდან თვითმფრინავის მიმართულებით რაკეტის გასროლის სარწმუნო საფრთხე დააფიქსირა.

მედიის ცნობით, C-32A, რომელშიც ტრამპი იმყოფებოდა, გაერთიანებულ სამეფოში დაახლოებით 22:20 საათზე ჩაფრინდა, ხოლო ძველი Air Force One-ი და მედიის წარმომადგენლები რამდენიმე წუთის შემდეგ ჩავიდნენ.

Washington Post-ის ინფორმაციით, ამ ეტაპზე უცნობია, როგორ დააბრუნეს ტრამპი C-32A-დან ძველ Air Force One-ზე.