საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარე შალვა პაპუაშვილი 12 აგვისტოს, დიდგორობის დღესთან დაკავშირებით, სოციალურ ქსელში ვრცელ განცხადებას ავრცელებს და 2008 წლის რუსეთ-საქართველოს ომის შედეგებზე საუბრობს.

პაპუაშვილის განცხადებით, 1121 წლის 12 აგვისტოს დავით აღმაშენებელმა დიდგორის ველზე ერთ-ერთი უდიდესი სამხედრო გამარჯვება მოიპოვა, რასაც საქართველოს გაერთიანება, თბილისის გათავისუფლება და ქვეყნის გაძლიერება მოჰყვა.

მისი თქმით, 887 წლის შემდეგ, 2008 წლის 12 აგვისტოს, მიხეილ სააკაშვილმა, რომელიც საკუთარ თავს და საკუთარ მმართველობას დავით აღმაშენებლის ეპოქას ადარებდა, დიდგორობის დღეს ომი წააგო და საქართველოსთვის ექვსპუნქტიან შეთანხმებაზე დათანხმდა.

„საქართველოს ისტორიაში 12 აგვისტო დიდგორის გამარჯვების დღეა.

1121 წლის 12 აგვისტოს დავით აღმაშენებელმა დიდგორის ველზე საქართველოს ისტორიაში ერთ-ერთი უდიდესი სამხედრო გამარჯვება მოიპოვა, რასაც ქვეყნის გაერთიანება, თბილისის გათავისუფლება და ქართული სახელმწიფოს ძლიერების ხანა მოჰყვა.

887 წლის შემდეგ, 2008 წლის 12 აგვისტოს, მიხეილ სააკაშვილმა, რომელიც საკუთარ თავს და საკუთარ მმართველობას ასე ხშირად ადარებდა დავით აღმაშენებლის ეპოქას, დიდგორობის დღეს ომი წააგო და საქართველოსთვის კაპიტულანტურ ექვსპუნქტიან შეთანხმებაზე მოუწია დათანხმება. ისტორიამ შემოგვინახა ამ დოკუმენტის სახელიც – 12 აგვისტოს შეთანხმება.

ეს სიმბოლური დამთხვევა განსაკუთრებით მძიმეა: დავით აღმაშენებელმა 12 აგვისტოს მტერი დაამარცხა და საქართველოს გზა გაერთიანებისკენ გაუხსნა. სააკაშვილმა კი იმავე დღეს საქართველოს სამხედრო მარცხი, ახალი ტერიტორიების დაკარგვა და რუსული ოკუპაციის გაფართოება დაუტოვა“, – წერს პაპუაშვილი.

მისივე განცხადებით, 12 აგვისტოს შეთანხმება ორ სახელმწიფოს შორის თანაბარ პირობებში დადებული სამშვიდობო ხელშეკრულება არ ყოფილა და დოკუმენტში საქართველოს ტერიტორიული მთლიანობისა და სუვერენიტეტის დაცვის მკაფიო გარანტიები არ არსებობდა.

პაპუაშვილის შეფასებით, შეთანხმების შედეგად რუსეთის სამხედრო ყოფნა საქართველოს ტერიტორიაზე არ დასრულებულა. მისივე თქმით, რუსეთმა ახალგორის რაიონი და კოდორის ხეობა დაიკავა, მოგვიანებით კი აფხაზეთისა და ე.წ. სამხრეთ ოსეთის დამოუკიდებლობა აღიარა.

„შედეგიც შესაბამისი დადგა.

რუსეთმა შეთანხმება არ შეასრულა, საქართველოს ტერიტორიაზე სამხედრო ყოფნა შეინარჩუნა, ახალგორის რაიონი და კოდორის ხეობა დაიკავა, მოგვიანებით კი აფხაზეთისა და ე.წ. სამხრეთ ოსეთის ე.წ. დამოუკიდებლობა აღიარა. საქართველომ დაკარგა კონტროლი დამატებით ტერიტორიებზე, ათიათასობით ადამიანი საკუთარ ქვეყანაში დევნილად იქცა, ხოლო რუსული სამხედრო ბაზები საქართველოს ოკუპირებულ რეგიონებში დამკვიდრდა“, – აცხადებს პაპუაშვილი.

მისივე თქმით, 2008 წლის ომში ქართველი სამხედროები თავდადებით იბრძოდნენ და მარცხი მათი არ ყოფილა.

„ქართველი ჯარისკაცები თავდადებით იბრძოდნენ. მარცხი მათი არ ყოფილა. ეს იყო პოლიტიკური ხელმძღვანელობის მარცხი – ხელისუფლების, რომელმაც ქვეყანა ომში შეიყვანა, ვერ მართა ომი და ვერც მისი დასრულებისას დაიცვა ქვეყნის ინტერესები“, – წერს პარლამენტის თავმჯდომარე.

პაპუაშვილი განცხადებაში საერთაშორისო საზოგადოების რეაქციასაც აფასებს და აღნიშნავს, რომ 12 აგვისტოს შეთანხმებას შუამავლად და გარანტორად ევროკავშირი ედგა.

მისი თქმით, შეთანხმების მეხუთე პუნქტი რუსეთის სამხედრო ძალების საწყის პოზიციებზე დაბრუნებას ითვალისწინებდა, თუმცა, პაპუაშვილის შეფასებით, რუსეთის მიმართ შესაბამისი ზეწოლა არ განხორციელებულა.

„მაგრამ რა მოხდა შემდეგ?

რუსეთზე რეალური ზეწოლა განხორციელდა? სანქციები დაწესდა? ვაჭრობა შეჩერდა? პოლიტიკური და ეკონომიკური ურთიერთობები შეიზღუდა?

არა.

პირიქით, დასავლეთსა და რუსეთს შორის მალე დაიწყო ურთიერთობების „გადატვირთვა“. გაგრძელდა მასშტაბური ეკონომიკური თანამშრომლობა. აშენდა „ნორდ სტრიმის“ მილსადენები. 2010 წლის 9 მაისს კი წითელ მოედანზე რუს და ევროპელ სამხედროებს ერთ აღლუმზე ვხედავდით“, – აცხადებს პაპუაშვილი.

პარლამენტის თავმჯდომარე ასევე აღნიშნავს, რომ 2008 წლის ომმა საქართველოსთვის მძიმე შედეგები მოიტანა, თუმცა, მისი თქმით, ქართველმა სამხედროებმა ქვეყნის ღირსება დაიცვეს.

პაპუაშვილი რამდენიმე ქართველ სამხედრო მოსამსახურეს, მათ შორის შინდისის გმირებს, გელა ჭედიას, ძმებს რომელაშვილებსა და გიორგი ანწუხელიძეს იხსენებს.

მისი განცხადებით, 12 აგვისტოს ორი განსხვავებული ისტორიული მნიშვნელობა აქვს – ერთი მხრივ, ეს არის დიდგორის გამარჯვების დღე, მეორე მხრივ კი, 2008 წლის ექვსპუნქტიანი შეთანხმების დღე.

„დავით აღმაშენებელმა დიდგორის გამარჯვებით საქართველო გააერთიანა.

სააკაშვილმა დიდგორობის დღეს ომი წააგო და ქვეყანას გაფართოებული ოკუპაცია დაუტოვა.

ეს არის ისტორიული რეალობა, რომელსაც ვერც პროპაგანდა შეცვლის და ვერც წაგებული ომის გამარჯვებად გამოცხადება.

ისტორია ულმობელია. რჩება დოკუმენტები, რჩება შედეგები და რჩება ხალხის მეხსიერება.

დიდება საქართველოსთვის დაცემულ გმირებს!

დიდება ყველას, ვისთვისაც ძვირფასია დიდგორის წმინდა სახელი!“ – წერს შალვა პაპუაშვილი.